Logo

მიხეილ ყაველაშვილი - მსურს მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, მან შეძლო, გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას

პოლიტიკა
195
Frontnews image description

"მსურს მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ის რამდენიმე წლის წინ, სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით შეძლო,  დღეს ჩვენ გვქონოდა კონსტიტუცია, რომელიც ერთი მხრივ, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას. ასევე მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომელიც ბატონ ირაკლისთან ერთად იღებდა ამ პროცესში მონაწილეობას“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და  ბოლო წლებში, საქართველოს მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

"უნდა გვესმოდეს რომ თუ ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი, სწორედ ის პრინციპებია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული! კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლებში, გამძაფრებული ზეწოლის ფონზე, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, უამრავი უსამართლო, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი მოთხოვნა გაჩნდა. აღნიშნული ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი სწორედ ჩვენი კონსტიტუცია და მასში ასახული ნორმები გახდა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას!“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ძირითადი კანონის დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენი ვალდებულებაა  მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ, არავის მივცეთ ჩვენი კონსტიტუციის უგულებელყოფის შესაძლებლობა. სწორედ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუცია არის სუვერენიტეტის განმტკიცების, ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და წესრიგის, სამართლიანობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტი!“- განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement