Logo

მიხეილ ყაველაშვილი - სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია

პოლიტიკა
3 დღის წინ / 23:46
181
Frontnews image description

თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უნდა დაამარცხოს „დიფ სთეითი“ და ის თუ ვერ დაამარცხებს, დამარცხდება ამერიკა, ადმინისტრაციის შეხედულება სხვაა, ვთქვათ, რომელიმე კონგრესმენის ან სენატორის გზავნილი აბსოლუტურად სხვა, ეს რეალობაა. სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ქმედება წინა ადმინისტრაციის პირობებში მოქმედებას ჰგავს და იმის გამოძახილია, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"დღევანდელი დღეც გაიხსენეთ. სენატორი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საელჩო აქვეყნებს ე.წ. ოპოზიციასთან შეხვედრის კადრებს. იმას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უხეშად ვიტყვი, მაგრამ ვერ გავექცევით ამ შეფასებას, ეს ხომ სიმახინჯეა, ეს ხომ არანორმალურია, რადგან საელჩო წარმოადგენს ქვეყანას და ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, ხელისუფლებასთან ურთიერთობას ამყარებს შენი ქვეყნის სენატორი, ჩამოდის, პრემიერ-მინისტრს ხვდება და ის არ გამოგაქვს მთავარ თემად საელჩოს და სპეკულირებს იმით, რომ აქ შეხედულებები გაჩნდეს, თითქოს არავინ არ აღიარებს – აქ სხვა გზავნილებია, გააჩინოს ეჭვები კიდევ უფრო მყარად. რაღაც ლოგიკური ჯაჭვი უნდა შევკრათ ამ ქმედებებიდან გამომდინარე. ეს არის მთავარი და ვეცდები, რომ საზოგადოებას მკაფიოდ გავაგებინო, რას ემსახურება ეს. ელემენტარული წესებია ეთიკის, პოლიტიკური ეთიკის, დამოკიდებულებების, ელჩის ქმედებების, საელჩოების ქმედებების, ვენის კონვენციის, რომელიც ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ მოიყვანა, არ ვართ ჩვენ ასეთი ჩამორჩენილი და ბნელი საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად მივიღოთ. ხომ ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს არღვევს ეს ხალხი ასეთი ქმედებებით; არსებობს ინტერესი, რისი გაგებაც შეიძლება, არ უნდათ. ძალები, რომლებსაც „დიფ სთეითს“ ვეძახით ჩვენ, საკმაოდ ძლიერია და შეიძლება, ჯერ კიდევ აქვთ გავლენა საელჩოში მყოფ თანამშრომლებზე, ე.წ. ოპოზიციის წევრებზე, რომ ეს გავლენები კვლავ ძალაში დატოვონ და ამ სპეკულაციებით, როგორმე შეინარჩუნონ ეს მათი დამოკიდებულება არსებულ სიტუაციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Advertisement