მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ასტანის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.
სამიტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის შეხვედრა.
მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




