მიხეილ ყაველაშვილი - სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს

ავტორი
Front News საქართველო
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სერბეთის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდარ ვუჩიჩს გულთბილი, საქმიანი და პარტნიორული შეხვედრებისათვის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და სერბეთი დიდი ხანია ერთმანეთს გულშემატკივრობენ, ეს პირველი ვიზიტი იყო საპრეზიდენტო დონეზე.
"ყველაზე მთავარი არის ის, რომ პირველი ვიზიტია საქართველოს პრეზიდენტის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ხალხი ერთმანეთს დიდი ხანია გულშემატკივრობს. სერბი და ქართველი ხალხი ძალიან აფასებენ ერთმანეთს, როგორც საქართველოში ვაფასებთ სერბებს, ისე აფასებენ აქაც ქართველებს და საქართველოს. რა თქმა უნდა, საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, რომ ასეთი დამოკიდებულებით არიან შენს მიმართ სხვა ერის წარმომადგენლები. ბევრი საერთო გვაქვს, ერთი სარწმუნოება და ღირებულებები. ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ის ბრძოლის მეთოდები, რითაც ეს ხალხი საუკუნეებია იბრძვის, თითქმის იდენტურია იმისა, რასაც ქართველი ხალხი აკეთებს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მაღალი რანგის შეხვედრებზე სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება განიხილეს.
"რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს, როგორც საერთო პრესკონფერენციაზე განვაცხადეთ, სულ რამდენიმე ხანში იგეგმება კომისიის შეხვედრა, სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. შევეხეთ სოფლის მეურნეობის საკითხებს, სადაც დიდი ინტერესია, ასევე სამხედრო წარმოებას. ასევე აღსანიშნავია ბელგრადიდან დანიშნული რეისები კვირაში 3-ჯერ. თითქმის სავსეა თვითმფრინავები ორივე მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდება სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში ეს ეხება სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებიც. ასევე შევეხეთ კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო პროცესებს. იგეგმება ასევე ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენს ახალგაზრდულ მიმართულებას აქვს უკვე კავშირები და იგეგმება საერთო ბანაკების ერთად წარმოება, რათა სერბი ახალგაზრდები ჩამოვიდნენ საქართველოში და პირიქით", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრებზე განიხილებოდა ევროკავშირთან მიმართებით არსებული გამოწვევები.
"რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ გამოწვევებს ამაზეც გვქონდა საუბარი. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ერთიანი მიდგომით ვიყოთ ევროკავშირთან მიმართებაში. ჩვენ ორივე ქვეყანა ვთვლით, რომ ვართ სწორედ ევროპის ნაწილი და ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ბრიუსელიდან ხორციელდება ხოლმე ჩვენს მიმართ და ასევე სერბეთის რესპუბლიკის მიმართ, არასამართლიანი დამოკიდებულებაა. ამაშიც არის რიგი თანხვედრები და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთი აზრი გვაქვს. ვთვლით, რომ ჩვენი ქვეყნები იმსახურებენ მეტ პატივისცემას", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო მუდმივად ფიგურირებს საერთაშორისო რეიტინგებში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
"გუშინ პრეზიდენტმა, ვუჩიჩმაც აღნიშნა, რომ ჩვენ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ ეკონომიკური წინსვლის პარამეტრებით. კვირა არ გავა და თვე არ გავა, რომ საქართველო არ ფიგურირებდეს საერთაშორისო რეიტინგებში, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება გამჭვირვალობის თემას, მთავრობის მუშაობას, სასამართლო სისტემას, ეკონომიკურ ზრდას და ა.შ და ეს პროცესი გაგრძელდება, ეს ვიცით რომ სიკეთის მომტანია და სწორედ ასეთი ქვეყნები, რომლებიც ამ პროცესში ჩვენნაირად მოქმედებენ, ძალიან აფასებენ ამ ყველაფერს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




