Logo

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა

პოლიტიკა
150
Frontnews image description

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.

"მე როგორც ყოფილმა სპორტსმენმა ვიცი თქვენი განცდები, რას ფიქრობთ, როგორია წინასწარი მომზადების თემა, მთელი კონცენტრაცია არის გამოსვლაზე. ჩვენი ხალხის სახელით, მინდა მადლიერება გამოვხატო, იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ და მივიღეთ. ეს დასაწყისია, უდიდესი საქმე გააკეთეთ. ხომ იცით ქართველებს როგორ უყვართ სპორტი და როგორი რეაქცია აქვთ გამარჯვებაზე და ეს დიდი პატივია თქვენთვისაც, რომ ამხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს და ჩვენს ხალხს და ამისათვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, სპორტსმენების წარმატება მაგალითი და მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის.

"დარწმუნებული ვარ  ბევრი ბავშვი, გოგონები და ბიჭები, დაიწყებენ ფიგურულ სრიალზე სიარულს. ეს ყოველთვის გადამდებია . მარტო ის კი არ არის წარმატება, რომ თქვენ ჩემპიონები ხდებით, არამედ ეს არის იმის საფუძველიც, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ დაინახოს ეს წარმატება და სურვილი გაუჩნდეს სპორტზე სიარულის და თქვენ ხართ ამის მაგალითი.

დიდი მოტივაცია მქონდა, რომ შეგხვედროდით. მინდა იცოდეთ, რომ მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით დგას და ეს დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება. თქვენ მაღალი დონის პროფესიონალები ხართ. თქვენს გვერდით ვართ, წარმატებას გისურვებთ და გვჯერა კიდეც, რომ წარმატებით იასპარეზებთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან 8 სპორტსმენი 2 სახეობაში - ფიგურულ ციგურაობას და სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან სამთო მოთხილამურეები კორტინაში იმყოფებიან, სადაც ასპარეზობები სლალომს და გიგანტურ სლალომში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს, ოლიმპიადის გახსნამდე კი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება. ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ ვახშამს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები