მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნებს შორის არსებული დიალოგის გაღრმავების თაობაზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურებისა და სხვადასხვა დარგში ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო გლობალური გამოწვევებისა და რისკების ეპოქაში, საქართველოსათვის განსაკუთრებით ღირებულია სლოვაკეთთან ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება და საერთაშორისო ფორმატებში ერთმანეთის მხარდაჭერა.
შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობის დაცვის მიზნით გაწეული ძალისხმევისათვის.
მისივე თქმით, საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ ყაველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
თაგები:
მიხეილ ყაველაშვილი




