მიხეილ სააკაშვილი – დღეს იხილება საქმე, რომელიც იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელმაც 2012 წელს საქართველოში მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა


ავტორი
Front News საქართველო
დღეს იხილება საქმე, რომელიც იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლებას ჩამოაშორა პატრიოტული მთავრობა, მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, პირდაპირ დაემთხვა ეს საქმე მისი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად გახდომას.
“დღეს იხილება საქმე, რომელიც იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლებას ჩამოაშორა პატრიოტული მთავრობა, მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა. დღესავით ნათელია ყველასთვის, ყველამ კარგად იცის, რომ იმის შემდეგ ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, ყველაფერი რაც მაშინ ხდებოდა არ იყო ის დიდი წარმატებები, რასაც მსოფლიო აღიარებდა. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, უამრავი სხვა სახელმწიფო მოღვაწე. ჩვენ ვიყავით ხელის გულზე სატარებელი, სანიმუშო მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდათ რომ დაავიწყონ და ჩაანაცვლონ მეხსიერების ჩიპი ათასგვარი სისულელით. უნდა გვესმოდეს რომ ჰიბრიდული ომი არ არის ახალი, კარგად მახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას რომ წაუყენეს ბრალად „მერსედესები“ იყიდა, ლომები და ვეფხვები ჰყავდა ვოლიერში დამწყვდეულიო. მაშინაც რუსული ხელწერა იყო, იგივე ხალხი, ხაინდრავა იყო მათი პროპაგანდისტი, ახლაც ისაა. დაემატა და გაზარდეს.
დღევანდელი საქმე რატომ დაიწყო?! 2015 წელს როდესაც ღარიბაშვილს ჰკითხეს ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ, მან თქვა: “აბა არ ჩერდებოდა და რა გვექნაო“. პირდაპირ დაემთხვა ეს საქმე ჩემი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად გახდომას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. სააკაშვილი პროცესს დისტანციურად ესწრება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი