მიხეილ სააკაშვილი – ის, რაც ხდება ჩემს მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის


ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც ხდება ჩემს მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველა სამედიცინო დასკვნის თანახმად პენიტენციურ დაწესებულებაში მას მძიმე პერსპექტივა ელოდება.
“რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ხდება ჩემს მიმართ, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის, ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის, ეს არის დასკვნა „ემპათიის“, საუკეთესო სპეციალისტების, რომლებიც არიან საქართველოში სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. არცერთ სხვა ექიმს სხვა დასკვნა არ გაუკეთებია.
მინდა შევახსენო ყველას, პენიტენციურ სისტემაში როდესაც გადამიყვანეს და ჩემს ექიმებს აღარ უშვებდენ ჩემთან, მოიწვიეს ქალბატონი თამარ აბაშიძე, „ვივამედის“ ექიმი, მან დაწერა ისეთივე დასკვნა, როგორსაც წერდნენ სხვა ექიმები, რომ პენიტენციური სისტემის პირობებში ამ დაავადების მკურნალობა არის შეუძლებელი და ისინი მე გარდაუვლად მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე.
რას ნიშნავს ინვალიდიზაცია? ინვალიდიზაცია ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, ჩემს შემთხვევაში ნიშნავს გადაადგილების საშუალების შეზღუდვას, ერთი სიტყვით, ეს ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს. ამ დასკვნაზე ხელი მოწერილია, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს საუკეთესო ექიმების მიერ. ეს იციან უცხოელებმა, რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობის დონეზე იყო შეთავაზება, რომ წავეყვანეთ აქედან და ვემკურნალებინეთ, ერთ-ერთი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურის ამას წინად ორჯერ იყო გავლით საქართველოში და უნდოდა ამ თემაზე მათ შორის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და პრემიერ-მონისტრი დაემალა, „ავად გახდა“ კოვიდით. იმიტომ რომ ისინიც ხედავენ, რა ხდება საქართველოში, საქართველოში ხდება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა პუტინის დავალებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა გორის ჰოსპიტალში მისი გამოწერის შემდეგ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე, ასევე აღნიშნა, რომ თამარ აბაშიძე, რომელმაც მასთან დაკავშირებით სიმართლე დააფიქსირა, იმით დასაჯეს, რომ მისი მეუღლე დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
ექსპრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, მან ციხეში ორჯერ დაკარგა გონება, მასთან ექიმის ვიზიტი აკრძალეს, მისივე თქმით, რუსთავის ციხეში საღამოს 6 საათის შემდეგ ექიმი აღარ იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თამთა დემურიშვილი იხსნება დაკავებული პოსტიდან ასევე მასთან დაკავშირებული საკითხის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს, საქმესთან დაკავშირებით ბრალდების მოწმეების დაკითხვაა დაგეგმილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი