მიხეილ სააკაშვილი – ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს


ავტორი
Front News საქართველო
პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფორმულას გადაცემა “ღამის კომენტართან” ინტერვიუში ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაფუძნებაზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, როგორც ნიკა მელია, ასევე ნიკა გვარამია მისი მეგობრები არიან.
“ნიკა გვარამია, ისევე როგორც ნიკა მელია ჩემი მეგობრები არიან. მე და ნიკა გვარამიას ბევრი სხვა საერთო თემა გვაქვს, პარტიების გარდა. ისინი დიდი ბიჭები არიან და იმედია, ყველა რისკი კარგად გათვალეს. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ფიქრობს, როგორ აისახება ახალი პარტიის შექმნა “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველზე, სააკაშვილი პასუხობს, რომ “ენმ-ის ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაშია სააკაშვილი და სად არის ფასეულობების ზუსტი გამოხატულება, რომელსაც თაობებმა მიუძღვნეს სიცოცხლე”.
“ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა და ნამდვილად იცის, თუ რომელ პარტიაში ვარ მე და სად არის იმ ფასეულობების ყველაზე ზუსტი გამოხატულება, რომელსაც უკვე თაობებმა მიუძღვნეს თავისი სიცოცხლე. ჩვენი მტერი არის ოლიგარქი, სიღარიბე, უპერსპექტივობა, ქვეყნის დაცარიელება”, – აცხადებს სააკაშვილი.
კითხვაზე, ფიქრობს, რომ ახალი პარტიები ხელს უწყობენ საარჩევნო შედეგში ოპოზიციურად განწყობილი ხმების კაპიტალიზაციას, თუ პირიქით, შესაძლოა, მათმა გამოჩენამ ოპოზიციის ფრაგმენტაცია უფრო გააძლიეროს”, სააკაშვილი აცხადებს, რომ “ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები”.
“ყველაზე დიდი რისკი, რომელიც ახლავს ახალი პარტიების წარმოქმნას, არის ის, რომ არ დაიკარგოს ხმები, განსაკუთრებით მაღალი გამოცხადების პირობებში. 5%-იანი ბარიერის გადალახვა მათ ძალიან გაუჭირდებათ. ახლა ჩვენ თავს გვახვევენ წვრილმან დებატებს არაფერზე და ეს აღიზიანებს ხალხს. ხალხი ითხოვს იმას, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამოყვანა დიდი ეროვნული დეპრესიისგან, უპერსპექტივობისგან, შევაჩეროთ ემიგრაცია და ქვეყნიდან გასულები დავაბრუნოთ უკან. ამისთვის აუცილებელია გავარღვიოთ ნეპოტიზმის, უსამართლობის, უპერსპექტივობის მოჯადოებული წრე.
რა დროს პიროვნული გარჩევებია – ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ქართველი ხალხის გენოციდი მექსიკაში, ნარკოკარტელის ნესტიან სარდაფში ალპობენ უამრავ ქართველს. ვინ არიან ეს ქართველები? ესენი არიან გლეხები, რომლებმაც საწვავზე მაღალი ფასების გამო ვერ დაამუშავეს მიწები, ან საერთოდ დაკარგეს მიწა აგროკრედიტის გადაუხდელობის გამო. ესენი არიან მამები, რომლებიც ვეღარ კვებავდნენ საკუთარ შვილებს და ამიტომ გადაწყვიტეს მათი მამის გარეშე დატოვება, ოღონდ, საჭმლის ფულის გამოგზავნა შესძლებოდათ. ნარკოკარტელები მარტო მექსიკაში არ იყვანენ ქართველებს მძევლად”, – აცხადებს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი – უკრაინელები, როგორც წესი, კარგად არიან ინფორმირებული და პროპაგანდას არ უჯერებენ

რატი ბრეგაძე – ჩვენს პირდაპირ ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და თუ ვინმე ზრუნავს მასზე, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ

მიხეილ სააკაშვილი – სულ მალე ჩვენი ერთობლივი მოქმედების დრო დადგება! წინ დიდი გამოწვევებია და დიდი მომზადება და ერთობა გვჭირდება