მიხეილ სააკაშვილი - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა, ილია მეორის შემდეგ ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება

ავტორი
Front News საქართველო
შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს.
"ილია მეორე აღარ არის - ნამდვილად მასშტაბურმა პიროვნებამ დაგვტოვა.
ის იყო მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი. ქართულ ეკლესიას მან აღუდგინა ავტოკეფალია, გააძლიერა და შეუნარჩუნა ერთიანობა.
ქართველებისთვის ის იყო სულიერი წინამძღოლი. მან ბევრ ადამიანს დაუბრუნა და გაუძლიერა რწმენა.
ჩემთვის ყველაფერთან ერთად ის იყო მეგობარი და ჩემი უმცროსი ვაჟის ნათლია, რომელიც პირველად ბავშვობისას ვნახე, სიონში, 1978 წელს.
სამწუხაროდ, ჩემი დატყვევების შემდეგ აღარ გვქონია ურთიერთობა, ალბათ, ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი. მინდა ვუთხრა მათ, ვინც იმედგაცრუებული იყო ბოლო წლებში მისი სიჩუმით, გაითვალისწინეთ, რომ ის იყო ძალიან ცუდად და იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ.
შეუცდომელი არავინ არის, თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველია.
მას ჰქონდა ხალხის დიდი სიყვარული, რამაც ამდენ ხანს გააძლებინა და რისიც ზოგიერთს ძალიან შურდა. მის შემდეგ, ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება", - წერს სააკაშვილი.





