მიხეილ სააკაშვილი - ყველა, ვისაც უყვარს საქართველო, მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, როგორც რუსთაველის პროტესტს, ასევე ირანში მიმდინარე რევოლუციას

ავტორი
Front News საქართველო
ირანის რეჟიმის დამხობა რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს მთელი რეგიონისთვის და ასევე დამანგრეველი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"როდესაც ვიზიტით ვიყავი ირანში, ფერეიდანში მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე.
დარბაზის ბოლოში ეჭირათ პლაკატები ქართულად "სიკვდილი ამერიკას". ჩვენს დელეგაციასთან სათითაოდ მოდიოდნენ ადგილობრივები და იძახდნენ, რომ ამ პლაკატთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ და ისინი თეირანიდან საგანგებოდ გამოგზავნილ უშიშროების თანამშრომლებს ეჭირათ ხელში, მოლას გამოსვლისას მთელმა დარბაზმა უსტვინა, უამრავი წერილი გადმოგვცეს, რეჟიმის კრიტიკაც.
მეორე დღეს, პარასკევს საღამოს ისპაჰანის მათვალიერებინებდა ადგილობრივი გუბერნატორი. ამ ულამაზეს ქალაქს შუაზე ყოფს "ალავერდიხანის ხიდი", რომელსაც ისპაჰანის ამშენებლის, კახელი ალავერდ უნდილაძის სახელი ჰქვია. კაცები მდინარის ერთ მხარეს იყვნენ და ქალები მეორე.
გუბერნატორმა ამაყად მითხრა, რომ სამი დღით ადრე მთელს ირანში აკრძალეს ქუჩის მუსიკოსები. შემდეგ შევხედე ერთ შენობას, რომელიც საკონცერტო დარბაზს წააგავდა და რომელთანაც ბევრი ახალგაზრდა ირეოდა, დაახლოებით იმ ასაკის, პარასკევს საღამოობით ღამის კლუბებში რომ დადიან თავისუფალ ქვეყნებში.
ნუ იქ რომ დისკოთეკა არ იქნებოდა მაგდენს კი მივხვდი, მაგრამ ვიფიქრე რამე კონცერტი მაინც იქნება-თქო. გუბერნატორმა აქაც გამიწბილა იმედი, რადგან როგორც მითხრა, ადგილობრივი იმამი ხვდებოდა ისპაჰანის ახალგაზრდობას და ესაუბრებოდა მათ რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აი ასეთი მძიმე სიტუაციაა ხალხისთვის ირანში.
ახლანდელი პროტესტები იმავე სიტუაციამ გამოიწვია, რაც სახეზეა ასევე საქართველოში - ხალხის აბსოლუტური უმრავლესობისთვის სრულიად მიუწვდომელი ფასები.
დღეს ირანში სახეზეა რევოლუციური სიტუაციის ყველა ნიშანი. რეჟიმის დამხობა რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს მთელი რეგიონისთვის და ასევე დამანგრეველი იქნება ივანიშვილის რეჟიმისთვის.
ასე რომ, დღეს ყველა, ვისაც უყვარს საქართველო მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, როგორც რუსთაველის პროტესტს, ასევე ირანში მიმდინარე რევოლუციას", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




