მიხეილ სააკაშვილი – ქვეყანა ყარს, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის

ავტორი
Front News საქართველო
მეგობრებო, ევროკავშირის სტატუსის პრობლემა სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს და ჩვენს ქვეყანაში არის კორუფცია. პრაქტიკულად, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის, მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა, ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან ის საფრთხის ქვეშ იმყოფება.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, საქართველოში შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რის გამოც “სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზის შექმნა სურს.
“დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დიდი საფრთხის ქვეშ. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მინდა, შევქმნათ „სამოქალაქო თავდაცვისთვის“ ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოხატულებები აქვთ. ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის ჯგუფს, რომელიც არის ამ ხალხს შორის. ასი ათასზე მეტია ეს ხალხი. ჩემი ინფორმაციით, დივერსიული ჯგუფი შემოსულია ძალიან ცუდი განზრახვებით. ისინი არიან შეიარაღებული, იმართებიან რუსეთის არმიის პირველი მთავარი სამმართველოს მიერ. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს ხალხთან და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დისტანციურად ჩართვის პროცესში სააკაშვილის მიმართვა გათიშეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




