მიხეილ სააკაშვილი - როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები, არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიით და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტ-პროექტები, თავისი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
"დაიწყეს ჩემი ციხეში ჩასმით, მოაყოლეს უამრავი სხვა ადამიანის პოლიტიკური პატიმრობით. მერე პარტიებს დაერივნენ, აკრძალვა დაუანონსეს.
მოიცილეს ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს დოვლათის ნახევარს ქმნიან და აუკრძალეს არჩევნებში ხმის მიცემა.
ახლა ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც ეროვნული დოვლათის მეორე ნახევარს ქმნის აუკრძალეს აზრის გამოთქმა.
რეჟიმი, რომელიც ამ მასშტაბის რეპრესიებს იყენებს, სინამდვილეში არის ძალიან სუსტი და აწი ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ.
ახლა რა ხდება ჩვენს მხარეს - ჩემს მოწოდებაზე პარტიების გაერთიანებაზე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა უპასუხა, რომ მზად არიან ამ ეტაპზე მხოლოდ საერთო სტრატეგიის გარშემო გაერთიანდნენ.
ეს არის ფუნდამენტური პრობლემა ქართულ პოლიტიკაში - ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები, არა იმდენად პარტიებია, თავისი იდეოლოგიით და grassroot ბაზით, რამდენადაც პოლიტ-პროექტები, თავისი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით.
ინვესტორები ამ ჯგუფებს მიიჩნევენ თავის პირად საკუთრებად და ხშირად მოიაზრებენ საკუთარი თავის დაცვის საშუალებად და თეორიულად სავაჭრო საგნად.
შესაბამისად ისინი არიან გაერთიანების წინააღმდეგ, ამავე დროს ამ პოლიტ-პროექტებში არის ბევრი კარგი, ქმედითი ადამიანი.
მესმის, რომ მათ ნაწილს ხელფასებით იჭერენ, მაგრამ მათ უნდა აიღონ საკუთარ ხელში ინიციატივა და წამოვიდნენ გაერთიანებაზე. როცა ერთიანი პარტია შეიქმნება, ინვესტორები იძულებული იქნებიან, ის დააფინანსონ და არა ახალ, სეპარაციულ პროექტებზე იფიქრონ", - წერს სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




