Logo

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტზე დარტყმა არის რეგიონში გამორჩეული საგანმანათლებლო კერის განადგურების მცდელობა

პოლიტიკა
235
Frontnews image description

საქართველოს უნივერსიტეტზე დარტყმა, დღეს მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე შეტევასთან ერთად, ეს არის რეგიონში გამორჩეული საგანმანათლებლო კერის განადგურების მცდელობა, რომელიც ორი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისგან აღიარებულია, როგორც რეგიონში ნომერ პირველი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მართალი გითხრათ, ადრე არ დავინტერესებულვარ საქართველოს უნივერსიტეტის შექმნის დეტალებით. ვიცოდი, რომ ყველაფერი კანონიერად იყო, აუქციონზე იყო შეძენილი შენობა საკმაოდ ძვირად - კრედიტებით, რასაც დაემატა ამერიკული ოპიკის გრანტი და შეიქმნა კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტი.

ახლა, როცა ჩავხედე, თუ რას ედავებიან მას, გაოგნებული დავრჩი. 80-იანი წლების დასასრულს საქართველოში ბევრი უკანონო მშენებლობა იყო, ზოგიერთი განკუთვნილი იყო "გეპეისთვის". შევარდნაძის დროს ეს შენობები გააჩერეს და ყველა გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, ბევრმა მათი ნაწილი პრაქტიკულად უფასოდ ჩაიგდო ხელში.

2004-ში ჩვენ ეს აღვკვეთეთ და გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ დაპირებით არაფერი აღარ გაიცემოდა. შენობები გამოტანილი იქნა აუქციონზე და ზოგიერთი, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი და ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მათ შორის შეიძინა საქართველოს უნივერსიტეტმა მაღალი ფასად.

შევადაროთ ეს ვითარება ერთ ლარად გადაცემულ “ლაგუნა ვერეს”, მისი აშენების დაპირებით და ხალხმა განსაჯოს რა და როგორ აშენდა, ასევე ლარად გადაცემული წყალტუბო და აბასთუმანი, ბაკურიანის გაჩუქებული ტყე და სხვა მსგავსები.

საქართველოს უნივერსიტეტზე დარტყმა, დღეს მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე შეტევასთან ერთად, ეს არის რეგიონში გამორჩეული საგანმანათლებლო კერის განადგურების მცდელობა, რომელიც ორი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისგან აღიარებულია, როგორც რეგიონში ნომერ პირველი.

თავის დროზე ასეთი ნაბიჯებით ამ ხელისუფლებამ სიკვდილამდე მიიყვანა კახა ბენდუქიძე. ვუსურვებ უნივერსიტეტის პერსონალს და სტუდენტებს გამძლეობას და დარწმუნებული ვარ სიმართლის გამარჯვებაში", - წერს სააკაშვილი.

Advertisement