მიხეილ სააკაშვილი – უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ წუთს მძიმე გართულება გარდაუვალია

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რითაც მისი კუჭის ოპერაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
მისივე განცხადებით, ყველანაირი სპეკულაციის გამორიცხვის მიზნით, მინერალებისა და გლუკოზის აბების მიღებაზე უარს აცხადებს.
“რაც შეეხება ჩემი შიმშილობის დეტალებს და “ხელისუფლების” განცხადებებს:
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ბოლო ქირურგიული ჩარევა ჩემს კუჭში (და ეს არ იყო ის პროცედურა, რაც მედიაში გავრცელდა) მოხდა 5 წლის წინ და ჩვეულებრივად შემიძლია საკვების მიღება და არც მადას ვუჩივი.
30 ოქტომბრის მერე მართლაც, ციხის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით და იმის დაზუსტებით, რომ ეს სრულად შედის შიმშილობის პროტოკოლში, მივიღე რამდენიმე ბოთლი წვენი. არანაირ საკვებს მე არ ვიღებ, მიუხედავად დაჟინებული შეთავაზებისა კონსილიუმის ზოგიერთი წევრის და ადგილობრივი ექიმების მხრიდან, ხოლო რასაც ვიღებ ყველაფერზე აქტი დგება და ხელს ვაწერ.
დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე (გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ წუთს და მაქსიმუმ რამდენიმე დღეში, მძიმე გართულება გარდაუვალია. ზოგიერთი გართულება უკვე ისედაც აშკარაა და ბოლო დღეებში ადმინისტრაციას მოუხდა უკვე, რამდენიმე გარე სპეციალისტის გამოძახება.
ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინის და ივანიშვილის მიზანია ჩემი ფიზიკური განადგურება და ისინი ამ მიზანთან ძალიან ახლოს არიან.
ახლა მე მაქვს იმედი ქართველი ხალხის სოლიდარობის, ადამიანურობის და მოქალაქეობრივი პოზიციის.გაუმარჯოს ჩვენ თავისუფლებას!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




