მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში“ ამერიკული ფირმა “აკერმანის” იურისტი ხვდება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში“ ამერიკული ფირმა “აკერმანის” იურისტი მასიმო დი ანჯელო ხვდება.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ქართულ კანონმდებლობაში არ არის ზუსტად განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მძიმე პატიმრის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება. სწორედ ამისთვის დასჭირდათ უცხოელი ადვოკატი, რომ მან სასამართლოს მის ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ მოუყვეს.
“მას სასამართლო პროცესზე გამოსვლის უფლება არ ექნება, ამიტომ, ის წარმოადგენს სასამართლოში “სასამართლო მეგობრის” დასკვნას, სადაც აღწერილი იქნება მსგავსი ტიპის საქმეებზე აშშ-ისა და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა.
მუხლი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ – 238-ე, ერთადერთია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც სამართალი და მედიცინა გაერთიანებულია. ამდენ ხანს საქართველოში, დამერწმუნება ყველა მოსამართლე, ყველა ადვოკატი, რომ რაიმე კონკრეტული, მყარი პრაქტიკა ჩამოყალიბებული არ იყო. ამაშიც სააკაშვილი პირველი იქნება“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები. ნევროლოგს თბილისში უკვე ხვალ ელოდებიან.
“რაც შეეხება საექსპერტო დასკვნას, დღეს ან ხვალ ჩამოვა ორი ექსპერტი. მომდევნო კვირის დასაწყისში საექსპერტო სამუშაო ბატონ სააკაშვილთან უკვე დამთავრებული იქნება. დაველოდებით მათ წერილობით დოკუმენტაციას, რომელიც ასევე ძალიან შემჭიდროებულ ვადებში იქნება. ხვალ უნდა შევიდეს ერთი ექსპერტი, ნევროლოგი ბატონი ლახანი, მესამე ექსპერტთან დაკავშირებით კიდევ ველოდებით რაღაც პასუხებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი