მიხეილ სარჯველაძე - 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები

ავტორი
Front News საქართველო
კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ რეფერენტული ფასების რეფორმის შედეგად 2023-2025 წლებში მოსახლეობამ ჯამში 853 მლნ ლარით ნაკლები გადაიხადა მედიკამენტებზე, საშუალოდ 40%-ით ნაკლები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეფერენტული ფასების მექანიზმის დანერგვის შემდეგ საცალო ქსელში ზოგიერთ მედიკამენტზე ფიქსირდება ფასების შემცირება 70, 80 პროცენტით. არის შემთხვევები, როდესაც გაიაფების მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს, ანუ რაც ღირდა 100 ლარი, ის შემცირდა 30-მდე, 20-ამდე, 10-ამდე.
დღეის მდგომარეობით რეფერენტული ფასები განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ ფარმაცევტულ პროდუქტზე. პირველ ეტაპზე, ფასების რეგულაცია შეეხო იმ მედიკამენტებს, რომლებიც განსაზღვრულია ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაში, ასევე - რამდენიმე ონკოლოგიურ მედიკამენტს. მომდევნო ეტაპებზე დაემატა ხშირად მოხმარებადი წამლები, ხოლო გასული წლის ნოემბერში სპეცკონტროლს დაქვემდებარებული - ე.წ. ფსიქოტროპული მედიკამენტები.
რეფერენტული ფასწარმოქმნის პოლიტიკის შედეგად მოიხსნა ლიმიტები ქრონიკული დაავადებების მართვის მედიკამენტების პროგრამაშიც.
"2025 წლისთვის პროგრამით ისარგებლა 411 ათასმა ბენეფიციარმა, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 29%-ით არის გაზრდილი. მოიმატა პროგრამის ბიუჯეტმაც და 2025 წლისთვის შეადგინა 68.6 მლნ ლარი, რაც 2022 წელთან შედარებით 83%-ით არის მომატებული. როგორც აღინიშნა, პროგრამის გაფართოებას მომავალ წლებშიც ვგეგმავთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




