Logo

მიხეილ სარჯველაძე - ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება

პოლიტიკა
55
Frontnews image description

ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი, ყოველთვის და მუდმივად ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მოქალაქის კეთილდღეობა. თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ბადებს ძალიან მწვავე რისკებს, - ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლებს შემთხვევებს, როდესაც პაციენტის ინტერესზე მაღლა კომერციული ინტერესი დგება.

„მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ მონაცემებს, სადაც შეიძლება პაციენტის ინტერესზე მაღლა დადგეს კომერციული ინტერესი. იქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მოეთხოვება იყოს ძალიან აქტიური და ეს არაფრის დიდებით არ დაუშვას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, მოგების მიღება კომერციული სტრუქტურებისთვის ბუნებრივი პროცესია, თუმცა ეს ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრიორიტეტი ვერ იქნება.

"არამც და არამც სწორი არ არის ახლა ჩემთვის იმის დაბრალება, რომ თითქოს მოგებას ვეწინააღმდეგები. პირიქით, აბსოლუტურად ჯანსაღია, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი კომერციული სტრუქტურა ზრუნავდეს იმაზე, რომ მას ჰქონდეს მოგება. ეს ერთმნიშვნელოვნად სწორია, მაგრამ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შეიძლება იყოს მთავარი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ თეორიული პრინციპი არ არის და ყოველდღიურ პრაქტიკაში კონკრეტულ გამოწვევებს უკავშირდება.

"მაგალითად, პაციენტის შეფასება იმის მიხედვით - ეს რთული შემთხვევაა თუ არა და, ამის მიხედვით, კლინიკას კომერციულად აწყობს თუ არ აწყობს პაციენტისთვის მომსახურების გაწევა - როდესაც ასეთი დილემა ჩნდება კლინიკის შემთხვევაში, ეს, რასაკვირველია, ურტყამს სწორედ იმას, რასაც ჰქვია ადამიანის კონსტიტუციური უფლება ჯანმრთელობაზე. იმიტომ, რომ ჯანმრთელობაზე უფლებას ძალიან მნიშვნელოვან უფლებად მივიჩნევ, მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სისტემაში ნომერ პირველი ამოცანა და მთავარი ღირებულება, რა თქმა უნდა, მისი აღმატებულება - პაციენტი უნდა იყოს, სხვაგვარად ეს შეუძლებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები