Logo

მიხეილ სარჯველაძე - როგორც და რა წამსაც დადგება უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანის საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი

Frontnews image description

როგორც და რა წამსაც დადგება უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანის საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, პატრიარქის მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია და არის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

"მდგომარეობა კვლავაც არის, პრაქტიკულად, არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული - იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია. გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. 

აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია. 

რაც შეეხება უცხოელ ექიმებზე საუბარს, მათ აქ ჩამოყვანას, ან უწმინდესის უცხოეთში გადაყვანას, ამწუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი და ბუნებრივია, უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი. 

მოკლედ, უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ საუკეთესო მკურნალობა რომ ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვმსჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. 

ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა, ვცდილობთ მაქსიმალურად გავაკეთოთ ეს სამედიცინო ჩარევით და ვისაც რითაც შეუძლია - ლოცვით. მთელი ერი გაერთიანებულია ამ მთავარი იდეის ირგვლივ", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები