მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო

ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა. მათ შორის, საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციისა და გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებზე. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ინოვაციური თერაპიების დიდი ნაწილი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის აპრობირებული.
"ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნერვ-კუნთოვანი დაავადებების რეფერალური ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოში არის დანერგილი.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად და დეტალურად სწავლობს მსოფლიო პრაქტიკას, მარეგულირებელი ორგანოების მიდგომებსა და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს, რათა შეფასდეს ამ მიმართულებით არსებული რეალური სამედიცინო სურათი, უსაფრთხოების რისკები და გრძელვადიანი შედეგები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე და ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიის სამედიცინო ხელმძღვანელი თორნიკე სოლოღაშვილი.
მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, მან ორმხრივი შეხვედრები გამართა სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას სწორედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე




