მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო რწმუნებულმა და თეთრიწყაროს მერმა გოგონათა საფეხბურთო გუნდის წევრები დააჯილდოვეს

ავტორი
Front News საქართველო
რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან მიხეილ აფციაურთან ერთად, გოგონათა საფეხბურთო გუნდის წევრებს შეხვდნენ.
გოგონათა ფეხბურთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეთნიკურად მრავალფეროვან, ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელ სამღერეთში 2018 წელს ჩამოყალიბდა. შეიქმნა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომელიც ეთნიკურად ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ გოგონებს აერთიანებს. 2020 წლიდან გუნდს ფეხბურთით დაინტერესებული გოგონები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 2023 წლიდან თეთრიწყაროს გოგონათა გუნდი ოფიციალურად ჩაერთო საქართველოს ლიგა 2-ში, წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას და ამ ეტაპზე გადასულია უმაღლეს ლიგაში.
მინისტრის მოადგილემ, სახელმწიფო რწმუნებულმა და მერმა გოგონები ერთჯერადი ფულადი პრემიით, მედლებითა და სამადლობელი სიგელებით დააჯილდოვეს და აღნიშნეს, რომ მათი გადასვლა უმაღლეს ლიგაში მუნიციპალიტეტში ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თაგები:
თეთრიწყარო














