Logo

მირიან მირიანაშვილი - ამერიკამ რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან თურქეთის ხელით გააგდო, ბოლოს კი თავიდან ერდოღანიც მოიშორა

ინტერვიუ
526
Frontnews image description

თეთრ სახლში გამართული ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის ისტორიული შეხვედრა, სადაც ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება გაფორმდა, უდავოდ ახალ ეპოქას ქმნის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ მოვლენამ რადიკალურად შეცვალა გეოპოლიტიკური განლაგება, რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებით. როგორ აისახება ეს შეთანხმება რეგიონულ სახელმწიფოებზე, რა სტრატეგიული სარგებელს ნახავს თითოეული მხარე და სად არის ამ ახალ რეალობაში საქართველო? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Front News-თან ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი ესაუბრება.

- ბატონო მირიან, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრაზე ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ უდავოდ შეცვალა რეგიონული ლანდშაფტი. როგორ შეაფასებდით ამ შეთანხმების სტრატეგიულ სარგებელს? თურქეთი გამოთიშულია ამ ისტორიულ შეთანხმებას?

- ადამიანი ბრმა და ყრუ უნდა იყოს, რომ ვერ დაინახოს, როგორ იცვლება რეგიონი სრულად. ფაქტია, რომ რუსული გავლენების სრული ამოშანთვა მიმდინარეობს, რუსული მემკვიდრეობისთვის დავა მიდის. როდესაც თურქეთი ცდილობდა ფაშინიანისა და ალიევის დახმარებით რუსეთი ზანგეზურის კორიდორიდან გაეძევებინა, იქ საკუთარი ბლოკპოსტის ჩადგმა ჰქონდა გათვლილი. გამოვიდა, რომ ამერიკამ რუსეთი თურქეთის ხელით გააგდო, ბოლოს კი თავიდან ერდოღანიც მოიშორა. რა თქმა უნდა, თურქეთის პოლიტიკური ელიტა და ერდოღანი ძალიან განაწყენებული არიან, მაგრამ ალიევს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენის არანაირი შანსი არა აქვს. თუმცა, იღიმება და მადლობებს იხდის, მაგრამ გულის სიღრმეში მასაც სერიოზული შიში აქვს, როგორ იქნება თურქეთთან საქმე. ერდოღანმაც იცის, რომ სხვა გზა არ არის. ეს შეთანხმება სტამბოლში უნდა შემდგარიყო, რომელიც ხელშეკრულება უნდა შეცვლილიყო, სადაც რუსების თურქებით ჩანაცვლება მოხდებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. ერდოღანი ჯერ კიდევ 7 აგვისტოს საღამოს ტრამპს ურეკავდა და ამერიკელებს ტელეფონით ეხვეწებოდა, რომ ისიც ჩასულიყო ამერიკაში. მას რუბიომ უპასუხა და უარი უთხრა, ტრამპმა საუბარიც კი არ ისურვა. საუკუნე აშშ სამხრეთ კავკასიაში იქნება, კაცმა არ იცის აქ ადგილობრივი, რეგიონალური მოთამაშეები სად იქნებიან, როგორ გადანაწილდება გავლენის პოზიციები, არავინ არ იცის.

- როგორ ფიქრობთ, თურქებს არაფერი დაჰპირდნენ ამერიკელები გაჩუმების სანაცვლოდ? ასე ადვილად დათმო ერდოღანმა პოზიციები?

- რა თქმა უნდა, თურქებს იმით ამშვიდებენ ამერიკელები, რომ კომპენსაციას მისცემენ და  თურქებს უფლება ექნებათ აზერბაიჯანში მათი ბაზა გააოფიციალურონ. ამ აკრძალვას ახლა მოეხსნება ტაბუ და თურქეთი კასპიის ზღვაზე თავისი წარმომადგენლობის არსებობის შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. ანუ, სანაცვლოდ თურქებმაც რაღაც მიიღეს.

- რა სარგებელს ნახავს ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და შეერთებული შტატები ამ შეთანხმებით? კონკრეტულად რა ინტერესებს აკმაყოფილებს ეს დერეფანი თითოეული ამ აქტორისთვის?

- აშშ-ის ინტერესია, რომ ის რეგიონში თავისი კერძო სამხედრო ორგანიზაციას შემოიყვანს. მას დაევალება ზანგეზურის დერეფნის კონტროლი. ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ რეგიონი ამერიკის სამხედრო ბაზების არსებობას შეაჩვიონ. ასეთი ტიპით შეაჩვია აშშ-მა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა არაბულ ქვეყნებში. სწორედ იქ შედიოდა პირველ რიგში კერძო სამხედრო ორგანიზაციები. ამის ნათელი მაგალითია კატარი. იგივე მოხდება ამიერკავკასიაში და საბოლოო ჯამში ასეც ვითარდება სიტუაცია. რაც შეეხება აზერბაიჯანის სარგებლობას, ალიევმა ტრამპისგან ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მიიღო. იგივე დაპირება მიიღეს სომხებმა და ფაშინიანმა. ამიტომ, რეგიონის სახელმწიფოებისთვის და პირველ რიგში რუსეთისთვის გაკეთებული სიგნალია მთავარი. აქედან გამომდინარე, ამ ორმა ქვეყანამ მიიღო ამ დაპირებით ის მაქსიმუმი, რაც აქამდე შესაძლებელი იყო მიეღოთ. ამაზე მეტი გარანტიები შენი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, რასაც ახლა ასეთი ზესახელმწიფო ამერიკა გაძლევს, აღარ არსებობს. ასევე გასაიდუმლოებული ხელშეკრულებაც, სადაც ამბობენ, რომ ბევრი სიურპრიზი დევს. მინიშნებებია ასევე ამერიკის როლზე ამიერკავკასიაში. ამიტომ რთულია ასევე საუბარი იმაზე, სხვა რა დაპირებები მიიღეს აზერბაიჯანმა და სომხეთმა. ასევე სერიოზული ინტრიგაა, თავად მაგ დოკუმენტში არ დევს.

- ტრამპის აქტიური მონაწილეობა ამ შეთანხმებაში ბევრისთვის აშშ-ის რეგიონში დაბრუნების ნიშნად აღიქმება. თქვენი აზრით, რამდენად ნიშნავს ეს ვაშინგტონის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში და როგორი იქნება რუსეთის პასუხი?

- რა თქმა უნდა, აქაც დიდი ინტრიგა და მოლოდინია, თუ რას უპასუხებს კრემლი. რუსული პროპაგანდა ჩვენთანაც მუშაობს და აჯერებენ ჩვენს მოსახლეობას, რომ ვითომ ტრამპი კავკასიაში არ შემოვა, რადგან პუტინთან დალაგებული აქვს ეს საკითხი. ახლა როგორ უნდა აუხსნან „ოცნებას“ რუსებმა ამერიკული ვოიაჟი რეგიონში, ცოტა რთულად წარმოსადგენია. ფაქტი მხოლოდ ერთია, რომ რუსეთის საფუძვლებს პოსტსაბჭოთა სივრცეში სრულად ანგრევს. ამერიკის სომხეთში შემოსვლის დადასტურებულ პირობებში უკვე ფაქტის, რუსეთის შემართებას, რომ სომხეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეექმნას, ძალიან დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ. მგონია, სომხების შიდა სტაბილურობა ამერიკელების რეგიონში ყოფნის პარალელურად, გარანტირებულია.

- აღსანიშნავია, რომ ამ ისტორიულ შეთანხმებაში საქართველო არ იყო წარმოდგენილი. თქვენი შეფასებით, რატომ მოხდა ეს და სად არის ახლა ჩვენი ქვეყანა ამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე? ხდება თუ არა ეს ყველაფერი საქართველოს გვერდის ავლით და როგორ შეიძლება დაგვაზიანოს ამან ეკონომიკური, პოლიტიკური თუ უსაფრთხოების თვალსაზრისით? პრემიერმა კობახიძემ ახლა გამოხატა მზადყოფნა ამ შეთანხმების მხარდაჭერისთვის. პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის ამ ისტორიულ შეთანხმებაში წვლილი შეიტანოს. რა სახის ტაქტიკით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება?

- ინტენსიური და კულუარული მოლაპარაკებები, რომელიც არც თუ გასაიდუმლოებული იყო, უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. ეს ამბავი 5 თვის წინ დაიწყო, სადღაც თებერვლის ბოლოდან. ეს რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გაეგო, წარმოუდგენელია. რომ ავიღოთ ფაშინიანის ბოლო ვიზიტი სტამბოლში, იქ ამერიკის საელჩოში დაიბარეს ფაშინიანი და 3 საათი ამერიკელები ელაპარაკებოდნენ. ასეთი ტიპის ვოიაჟები მიმდინარეობდა, ფაქტი იყო, რომ რაღაც სერიოზული მზადდებოდა.

არ შეიძლება ამერიკის პრეზიდენტი, როგორი ოდიოზურიც და უცნაურიც არ უნდა იყოს ტრამპი, გამუდმებით ურეკავდეს ფაშინიანს, ალიევს, მათ პრემიერებს და ასე ტყუილად ტელეფონზე ელაპარაკებოდეს. ეს უკვე იყო სიგნალი საქართველოსთვის, რომ ამ პროცესში სერიოზულად უნდა ჩართულიყო. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენმა ხელისუფლებამ რუსული საფრთხის რისკები დააზღვია და თავდაპირველად არ ჩართულა ღიად პროცესში. თავი შეიკავეს და შორიდან თვალის მიდევნება ამჯობინეს. ხოლო როცა ახლა დაინახეს, რომ მოლაპარაკება შედგა და ხელიც კი მოაწერეს, ხოლო რუსეთი შორიდან გაგდებული იყურება, ახლა გადაწყვიტეს საფრთხის გადავლის ფონზე, ამ პროცესში ჩაერთონ. ამას ნიშნავს სწორედ პრემიერის განცხადება. როგორც ჩანს, ივანიშვილს იმთავითვე ასეთი გეგმა ჰქონდა. პროცესის ორგანიზებაში ანტირუსული რისკები თავის თავზე არ აიღო, მაგრამ შემდეგ პოლიტიკურ იზოლაციაში მოხვედრაც არ უნდა და სურს შეუერთდეს ამ პროცესს.

- როგორ ფიქრობთ, ახლა რა ფორმით და რა როლშია შესაძლებელი საქართველო ჩაერთოს ამ ისტორიულ პროცესში?

- მე ძალიან მეეჭვება, რომ ახლა საქართველოს ჩართვა მოხდეს ამ პროცესში, რადგან აზერბაიჯანს და სომხეთს არ მგონია იმ სიკეთეებისა და დივიდენდების საქართველოსთვის გაყოფა სურდეთ, რაც მათ ამერიკისგან ამ ხელშეკრულებით უნდა მიიღონ.

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო ამ შეთანხმების უშუალო მონაწილე, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა მოექცეს აშშ-ის ინტერესების სფეროში ამ ახალ კონტექსტში? როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ეს სიტუაცია საკუთარი სარგებლისთვის, რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგია ამ დინამიურ გარემოში?

- ახლა პრორუსული ძალები საქართველოში უამრავ სულელურ ვერსიას ავრცელებენ და ამუნათებენ იმ გეოპოლიტიკურ ვერსიას, რომ თითქოს პუტინი ტრამპს მოურიგდა, აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკასთან მიდის, ხოლო საქართველო რუსეთს რჩება. ეს იმდენად დიდი აბსურდია, რომ დისკუსიაც არ ღირს. ამის უკან, როგორც ჩანს, ხელისუფლების გარკვეული ინტერესიც დგას. ეს უკვე ამერიკის სახელმწიფოს მოქმედების ტაქტიკის არცოდნაა. არასდროს ზღვაზე ბატონობენ ქვეყნები, რომლებიც რომელიმე კონტინენტზე ხმელეთის სივრცეებიდან არ შედიან.

პირველ რიგში საზღვაო პლაცდარმების შექმნა ხდება და ამის შემდეგ ხდება სიღრმეში შესვლა. ახლა წარმოიდგინეთ, უახლოესი პორტი, სადაც ამერიკამ ლოგისტიკური მოქმედებები უნდა აწარმოოს, ეს არის ტრაპიზონი. ამ კორიდორის კონტროლისთვის იმდენად უცნაური ლოგისტიკური ინფრასტრუქტურაა საჭირო, რომ წარმოუდგენელია. როცა აქვეა საქართველო საუცხოო პორტებით და ნატოსთან გადაბმული შავი ზღვის აკვატორიით. ის, რომ ამერიკამ უარი თქვას საქართველოზე, გაუგებარია რატომ და რისთვის? რუსეთისთვის საჩუქრის ფასად ამას არ გააკეთებს. ამიტომ „ოცნება“ თვითდამშვიდების რეჟიმზეა გადასული, სადაც აბსურდის მეტს არაფერს საუბრობენ. 

ელზა პაპოშვილი 

Advertisement