მირიან მირიანაშვილი - ირანი თითქმის ყველაფერზე თანახმაა, მაგრამ უნდა, რომ ეს სახის დაკარგვის გარეშე გაკეთდეს

ავტორი
Front News საქართველო
Front News-თან ინტერვიუში ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი აშშ-ირანის ურთიერთობების კრიტიკულ ფაზას აფასებს და იმ კულუარულ ბარიერებს განიხილავს, რამაც სტივ უიტკოფის და აბას არაღჩის მოლაპარაკებები შეაფერხა. ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს თეირანის მცდელობაზე შეინარჩუნოს „სახე“ ტოტალური კაპიტულაციის ფონზე და განმარტავს, თუ რატომ არის ვაშინგტონისთვის მიუღებელი ირანის მიერ შეთავაზებული არადოკუმენტირებული პირობები.
ინტერვიუში ასევე გაანალიზებულია ისრაელის ფაქტორი ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებში, საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის ვიზიტის შესაძლო მიზეზები და ირანის შიდა დესტაბილიზაციის ეთნიკური და ელიტური საფუძვლები.
- ბატონო მირიან, Axios-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შორის ჩაიშალა. მიზეზად დასახელდა ის, რომ თეირანმა თურქეთის ნაცვლად ომანი (მასკატი) მოითხოვა. რატომ გახდა ლოკაცია გადამწყვეტი ბარიერი?
- ირანი თითქმის ყველაფერზე თანახმაა, მაგრამ უნდა, რომ ეს სახის დაკარგვის გარეშე, აფიშირების გარეშე გაკეთდეს. ომანში შეხვედრის წინააღმდეგი ამერიკელები არ არიან, თუმცა უიტკოფს ირანელებმა წაუყენეს პირობა: კი, მართალია, ირანი მზადაა თქვას უარი ატომურ იარაღზე, მაგრამ არსებობს მეორე, კულუარული, რეალური, ტრამპისთვის გადასაცემი ვერსია - ტრამპის შეთავაზებებზე თანახმაა, თუმცა ამ ყველაფერს ჩუმად გააკეთებს. სახის შენარჩუნებისთვის ირანის ხელისუფლება თვლის, რომ თუ ასე ღიად ტოტალური კაპიტულაცია გამოაცხადა, ეს მას ძალიან სუსტ პოზიციაში ჩააყენებს, პროტესტი ხელახლა იფეთქებს და მისი მოგერიება ძალიან რთული იქნება.
ამერიკელების გადასახედიდან კი, იმ საკითხებზე კულუარული პასუხისმგებლობის აღება, რაზეც მხარე საჯაროდ უარს ამბობს, საბოლოო ჯამში, რთული გასაკონტროლებელი იქნება. ერთია, როცა ირანი ამას საჯაროდ ამბობს და კონტროლის მექანიზმები ხელშეკრულებაში იდება და მეორე ფაქტობრივად არადოკუმენტირებული ვარიანტები. მოლაპარაკებაზე ზუსტად ამაზე მიდის მსჯელობა. ებრაელებისთვის ასეთი ვერსია და პირობები მიუღებელია.
- ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირანი თურქეთს, როგორც მედიატორს, აღარ ენდობა, თუ ეს იყო თეირანის შეგნებული სვლა პროცესის ჩასაშლელად მას შემდეგ, რაც ტრამპმა „ძლიერი გემების“ გადასროლა დააანონსა?
- თურქეთს ირანი არც არასდროს ენდობოდა. ომანთან დაკავშირებით, უბრალოდ, ამერიკელები წინააღმდეგები არიან აი იმ მეორე ვერსიაზე, რაზეც ვისაუბრე. უიტკოფს ზუსტად ეს დაახვედრეს. ირანი მზადაა ატომურ იარაღზე უარი თქვას, მაგრამ სხვა რაღაცებზე არ არის თანახმა. ჩუმად იტყვიან „ჰესბოლაზე“ უარს, სარაკეტო პროგრამაზეც ჩუმად იტყვიან, რათა რეჟიმისთვის სახის შენარჩუნება მოხდეს.
- პრეზიდენტმა ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ აიათოლა ხამენეი „შეშფოთებული უნდა იყოს“. რაზე მიანიშნებს ეს რიტორიკა, ვაშინგტონი საბოლოოდ გადაერთო „რეჟიმის შეცვლის“ სტრატეგიაზე, თუ ეს არის მორიგი მცდელობა, ირანი იძულებით დააბრუნონ მოლაპარაკების მაგიდასთან?
- საქართველოდან ირან-ამერიკის მოლაპარაკებები და დაპირისპირება შუქდება მხოლოდ მათი პოზიციონირების კუთხით. ეს მიდგომა მცდარია, რადგან პარალელურად ტრამპი მოლაპარაკებას ებრაელებთან აწარმოებს.
ებრაელებმა სანაცვლოდ ასევე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ტრამპის მიმართ, მედიისა და საინფორმაციო გავლენების კუთხით. ახლა ამერიკაში ადგილობრივი არჩევნები მოდის და ტრამპისთვის ებრაული თემი და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მას უწევს ისრაელის აზრებისა და პოზიციების გათვალისწინება. შესაბამისად, ჩვენთან ასე შუქდება, რომ ეს არის მხოლოდ ირანისა და ამერიკის მოლაპარაკებები. რეალურად ასე არ არის. ებრაელები კი ტრამპისგან ირანის მიმართ ძალიან ხისტ მიდგომებს ითხოვენ. მანდ სინამდვილეში შიგნით ძალიან ბევრი რამ არის, რაც საქართველოს ანალიტიკური წრეებისთვის გაუგებარია, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის არის გაუგებარი.
- სახდეპის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში – ბოლო დღეებში საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების ვიზიტი შედგა. რამდენად უკავშირდება ეს ვიზიტი ირანის გარშემო შექმნილ კრიზისს და ხომ არ ხდება თბილისთან პოზიციების საბოლოო გადამოწმება შესაძლო სამხედრო დაპირისპირების წინ?
- მე ასეთ ვერსიას ვფიქრობ, რომ რადგან არსებობს ალბათობა ამერიკის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების და არსებობს რისკები, თუკი არ მოხდება შეთანხმება, რა თქმა უნდა, შესაძლოა, რუსეთმა ირანის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთოს. ანუ ანტიამერიკული განცხადებების გაკეთებას დაიწყებენ. როგორც ჩანს, ქართველებისგან ითხოვენ, რომ ამ რიტორიკას არ აჰყვნენ. კავკასიაში ძალთა ბალანსს ყველა უყურებს და ჩაითვლება, რომ საქართველოს ხელისუფლება მოვლენებს და სიტუაციას რუსების თვალით უყურებს. ამერიკა როცა ომში ებმება, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ უჭერს მხარს და ვინ არა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ ეს გაფრთხილება მიიღო.
- თუკი აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, აქვს თუ არა საქართველოს რესურსი, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, თუ ვაშინგტონი ჩვენგან კონკრეტულ მხარდაჭერას (ლოგისტიკურს, საჰაერო სივრცის დათმობას და ა.შ.) მოითხოვს?
- საქმე იმაშია, რომ ირანს ამერიკა, როგორც წესი, ტრადიციულად ჩრდილოეთიდან არ უტევს. ამისთვის საკმაოდ სერიოზული შეტევითი პლაცდარმი უნდა ააწყოს. არც ბაზები აქვს ჩრდილოეთში და არაფერი. ამერიკას კატარის, თურქეთის ბაზები რომ დავთვალოთ, ერთად სადღაც 200 მილიარდი დოლარი ჯდება. ჩრდილოეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში არაფერი არა აქვს, ამიტომ საჰაერო ლოგისტიკაც არ იქნება აქ აქტუალური. ამიტომ ჩვენ ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება.
- რაც შეეხება ლტოლვილთა ნაკადს, ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველო არ იქნება მოწყვლადი და არ შეიქმნება ამ მხრივ პრობლემები?
- ირანი გეოპოლიტიკურად და მათ შორის დემოგრაფიულადაც, ჩვენთან სრულიად სხვაგვარად წარმოუდგენიათ. თუ ირანზე შეტევა მოხდა, დათვლილია ლტოლვილთა ნაკადები სად წავა და როგორ. აზერბაიჯანელების გარდა, ირანის დანარჩენ მოსახლეობას ირანელი აზერბაიჯანელების მიმართაც ცუდი დამოკიდებულება აქვთ. ამიტომ ირანელთა ნაკადი აზერბაიჯანის გავლით ჩრდილოეთში წამოვიდეს და სხვა მარშრუტი მანდ არ არის, ეს მასშტაბური ვერ იქნება. ასეთია ირანის ეთნიკური პოლიფონია და ურთიერთობები.
ძირითადი ნაკადები ლტოლვილებისა ერაყში წავა. ასეთი ლტოლვილთა ნაკადი რომ დაიძრას, მაშინ ამერიკულმა ავიაციამ ვიეტნამის ანალოგი დაბომბვა უნდა დაიწყოს. მიწასთან გასწორება უნდა მოხდეს ქალაქების, რაც ნაკლებად სავარაუდოა. ქალაქების მოსახლეობას ამერიკა, როგორც თავის ბუნებრივ მოკავშირეს რეჟიმის წინააღმდეგ, ისე აღიქვამს. ამიტომ, ალბათ, ეს სცენარი საერთოდ გამოსარიცხია და ლტოლვილთა ნაკადებიც მეტ-ნაკლებად არ გაჩნდება.
- ბატონო მირიან, ბოლოსთვის გკითხავთ, ელით თუ არა, რომ თუკი ამერიკამ არ მიიღო სათანადო პასუხი და თანხმობა ირანის ხელისუფლებისგან, ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტი კვლავ განახლდეს? როგორ ხსნით თქვენ ამ ბოლო კვირების განმავლობაში ირანის ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს?
- ირანის პროტესტის ანატომია საქართველოს გადმოსახედიდან სრულიად მცდარი მოცემულობით შუქდება. საქართველოში ჰგონიათ, რომ აღშფოთებული მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. ირანი არის ვერტიკალურად სტრუქტურირებული საზოგადოება, რომელშიც მოსახლეობის თვითინიციატივის დონეზე ისეთი ნება დართული არ არის, როგორც ევროპულ სოციუმებშია დადგენილი. სინამდვილეში იქ იყო სამოქალაქო პროტესტი, გამოვლენილი ცენტრისა და ადგილობრივი ელიტების დაპირისპირების კუთხით. 12-დღიანი ომის შემდეგ, ირანის ელიტებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ამერიკას ირანის რეჟიმის შეცვლა სურს. შესაბამისად, წინა პლანზე წამოვიდა ხუზისტანი, ხორასანი, მაზანდარანი, ბელუჯისტანი, ირანის თურქისტანი და ა.შ. ამიტომ იმათგან იყო ეს აქტივიზმი მხარდაჭერილი.
ეს იყო ადგილობრივი ხელისუფლების და ელიტების მიერ დირიჟირებული პროცესი. თუ მათ დაინახეს, რომ ამერიკის მხარდაჭერა ირანის სეპარატიზმში რეალურია, მაშინ ეს მიტინგები და სერიოზული დაპირისპირებები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ირანის ეთნიკურ ელიტებს აინტერესებთ, ამერიკას რა უნდა და როგორი სახის ირანი სურს. ამიტომ ყველას უნდა წინასწარ პოზიციები ჩამოიყალიბოს. თუ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების ჩამოშლაზე მივიდა ამერიკა, მაშინ შაჰობის ინსტიტუტის აღდგენის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. თუ შაჰის და აიათოლების რეჟიმი ამერიკისთვის ორივე მიუღებელი იქნება, მაშინ ირანი უამრავ სეპარატისტულ რესპუბლიკად იშლება - მინიმუმ 7-ად მაინც.
- ფიქრობთ, რომ სწორედ ამიტომ აიღო ამერიკამ პაუზა ირანთან დაკავშირებით და ეს პერიოდი სჭირდება იმისთვის, საბოლოოდ თავად ამერიკა ჩამოყალიბდეს, რა უნდა ირანთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, რადგან ამერიკა ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, რომელი რეჟიმი უნდა. ახლა ამერიკელებმა თუ აქტიურ მოქმედებაზე გადასვლის სტარტი აიღეს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მიიღეს და ჩამოყალიბდნენ ირანის მართვის კუთხით მათთვის რომელი ვერსიაა მისაღები.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
მირიან მირიანაშვილი




