მირიან მირიანაშვილი - თუ ენერგეტიკული კლასტერი აშშ-ის ხელში გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ ირანი, როგორც სახელმწიფო ამერიკელების განკარგულებაში იქნება

ავტორი
Front News საქართველო
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ახალ, კრიტიკულ ფაზაში შედის. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიული მანევრები, რომლებიც ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმების გადავადებაში გამოიხატება, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. არის ეს რეალური დიპლომატიის შედეგი თუ „ენერგეტიკული შანტაჟის“ ნაწილი თეირანის საბოლოო კაპიტულაციისთვის? ექსპერტი მირიან მირიანაშვილი Front News-თან ინტერვიუში დეტალურად განიხილავს ირანის შიგნით არსებულ დეზინტეგრაციას, ჰორმუზის სრუტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ჩინეთისთვის და იმ ფარულ კომუნიკაციას, რომელიც შესაძლოა აშშ-სა და ირანის რეგულარულ არმიას შორის არსებობდეს.
- პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე რამდენჯერმე გადაავადა დარტყმები ირანის ენერგოობიექტებზე, რასაც „ირანის თხოვნით“ ხსნის, თუმცა თეირანი და დასავლური მედია ამას უარყოფენ. თქვენი აზრით, ეს გადავადებები რეალური მოლაპარაკებების შედეგია, თუ ტრამპის ტაქტიკაა მისცეს ირანულ ელიტას შიდა დაპირისპირებისა და კოლაფსის დრო?
- საქმე იმაშია, რომ ტრამპს ირანის ენერგეტიკის დანგრევა არ უნდა. ფუნდამენტურად არ უნდა, რადგან ქვეყნის ენერგეტიკის ამერიკის კონტროლის ქვეშ დაყენებაზეა საუბარი და არა მის განადგურებაზე. ამერიკას უნდა ირანის "პერეფორმირება“, როგორც ეს ვენესუელის შემთხვევაში გააკეთა. ამიტომ, ენერგეტიკულ ობიექტებზე ხელის შეხება უკიდურეს შემთხვევაში მოხდება. ეს, რასაკვირველია, ტრამპს შანტაჟის მიზნით უფრო სჭირდება. გამორიცხული არ არის, მხოლოდ ერთ-ორ ობიექტს შეეხოს იმისთვის, რომ მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტების ის ნუსხაა ტრამპისთვის ნომერ პირველი სამიზნე, რომელიც ნავთობის ინდუსტრიის „გულს“ გულისხმობს.
მე ირანის სანაპიროს კარგად ვიცნობ, ექვსივე პორტში ჩემი პროექტი მქონდა. შესაბამისად, ბანდერ-აბასიდან დაწყებული, ხარკითა და ჩაბაჰარით დამთავრებული, ყველაფერი ვიცი. ჩვენთან ბევრი სისულელე იბეჭდება, რუსულენოვანი მედიიდან თარგმნიან. აპელირებენ კუნძულ ხარკზე, თუმცა ეს ნავთობის მომპოვებელი ლოკაცია არ არის. ხარკი არის კუნძული, რომელიც კონტინენტიდან დაშორებულია და ნავთობის გადატვირთვის ობიექტად არის ქცეული, რადგან ირანის სანაპიროს მიმდებარე წყლები მეჩხერია. იქ გემების მიყენება ძალიან რთულია, კუნძულ ხარკის გარშემო კი საკმაოდ ღრმაწყლოვანი ნავთობტერმინალებია.
- ანუ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონო მირიან, რომ კუნძულ ხარკის დაკავება ტრამპს არაფერს მისცემს და ამით ჰორმუზის სრუტის გახსნას ვერ შეძლებს?
- დიახ, ასეა. ჰორმუზის სრუტის გახსნა ვერ მოხდება ხარკის დაკავების შედეგად. თუ ტრამპს ჰორმუზის სრუტის გახსნა სურს, მაშინ ხელში უნდა ჩაიგდოს მის მახლობლად არსებული კუნძულები: ქეშმი, ჰორმუზი და ლარაკი. სწორედ ამ სამი კუნძულის ოკუპაცია მისცემს ტრამპს იმის საშუალებას, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნას და სრულიად სხვა ენაზე დაელაპარაკოს ირანს.
- თუმცა ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა ამერიკას იმის რესურსი, გახსნას ჰორმუზის სრუტის არტერია ისე, რომ ქვეყნის შიგნით სახმელეთო ოპერაციის დაწყება არ მოუწიოს? თქვენ ფიქრობთ, რომ ამ სამი კუნძულის დაკავებით სრუტე გაიხსნება? რა არის ახლა ამერიკისთვის მთავარი პრობლემა?
- ამერიკისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნა არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან იქიდან ერთ გრამ ნავთობსაც არ იღებს. რაც შეეხება ევროპას, მისთვის სპარსეთის ყურე ნავთობის მოპოვების 5-დან 10%-მდე ლოკაციაა. ძირითადად ეს არის ინდოეთი და ჩინეთი. პირველ რიგში ჩინეთი. წარმოიდგინეთ, ჩინეთის ნავთობის იმპორტი 700-800 მილიონი ტონაა, აქედან დაახლოებით 300 მილიონ ტონას სპარსეთის ყურიდან იღებს. მისთვის სპარსეთის ყურე ყოფნა-არყოფნის ფაქტორია.
ამიტომაა ჩვენთან ისტერიკა ამ სრუტის გახსნაზე. რატომ ფიქრობენ, რომ ამერიკის ინტერესია ჩინეთის ყოფა კომფორტული გახადოს? ტრამპმა, რასაკვირველია, სრუტის გახსნაზე ბევრი უნდა ილაპარაკოს, თუმცა სრუტეში მიმოსვლის გამარტივება მათი ნომერ პირველი ინტერესი არ არის.
- აშშ-ის გეგმა ურანის მარაგების გადაცემასა და პროქსი-ჯგუფებზე უარის თქმას ითხოვს, რაც ირანისთვის იდეოლოგიური თვითმკვლელობის ტოლფასია. რამდენად რეალურია, რომ სამხედრო წნეხმა აიძულოს ირანის ახალი სამხედრო „ხუნტა“, რომელიც ახლა ქვეყანას მართავს, დათმოს ის, რასაც ათწლეულებია წითელ ხაზად მიიჩნევს?
- ირანის დღევანდელი ხელმძღვანელობა ძალიან მძიმე სიტუაციაშია. მთელი მათი საგარეო კომუნიკაციური აქტივები ყალბი აღმოჩნდა. ირანი ამერიკასთან კონფრონტაციაში ასე მარტო რომ დარჩენილიყო, ამაში არც შევიდოდა. გაცილებით მცირე დათმობებს სთავაზობდა ამერიკა, სანამ ირანზე დარტყმებს განახორციელებდნენ, ხოლო რუსებისა და ჩინელებისგან გაქეზებულებმა, ამერიკელებთან ხისტი პოზიციები დაიკავეს. განსაკუთრებით შეიტყუეს და ძალიან მძაფრად გადააგდეს ირანი რუსებმა. შარშან ზაფხულში, მოგეხსენებათ, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს და მერე „მოაწერეს“ რუსებმა. ეს გააკეთეს დემონსტრაციულად; ამ ხელშეკრულების შემდეგ ირანის პოზიცია ამერიკასთან ძალიან ხისტი გახდა. ეს გამოიწვია იმან, რომ რუსეთი მათ ჰპირდებოდა - არ მიატოვებდნენ. რუსეთმა ითამაშა ქართული ხალხური ანდაზის მიხედვით: "გააქეზეს მურიაო“.
ირანი ახლა დიდი დილემის წინაშე დგას. მას ამერიკასთან არათავსებადი რესურსები აქვს. ირანი ამ სისტემურ საჰაერო დაბომბვებს მუდმივად ვერ გაუძლებს. ამერიკელები ხიდებსა და ყველა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას რომ მიადგნენ, ქვეყანაში კოლაფსი მოხდება. ტოტალური საჰაერო ბატონობით ამერიკელებმა ტექნოლოგიურად განვითარებული გერმანია დააჩოქეს და ირანი რა პრობლემაა?
უბრალოდ, ახლა ამერიკელები რასაც სთავაზობენ, ეს კაპიტულაციაა. ირანი დღეს დათანხმდებოდა იმ პირობებს, რომლებსაც ადრე სთავაზობდნენ, მაგრამ დროის ლიმიტი ამოიწურა. ერთადერთი, რაზეც ირანი ვერანაირად ვერ წავა, ეს ენერგეტიკის გადაბარებაა, რაც მის „ვენესუელანიზაციას“ ნიშნავს. თუ ენერგეტიკული კლასტერი ამერიკელების ხელში გადავიდა, ეს ნიშნავს, რომ ირანი, როგორც სახელმწიფო, თავისი რეჟიმიანად, ამერიკელების განკარგულებაში იქნება. ენერგეტიკის გარდა ირანს სხვა საარსებო წყარო არ გააჩნია. ამ ომამდე ტრამპი აიათოლებს სწორედ იმას სთავაზობდა, რომ რუსეთისა და ჩინეთისთვის ხელი ეკრათ და თავად გამხდარიყვნენ ამერიკის მოკავშირეები. ტრამპი მათ სთავაზობდა პოლიტიკურ ქოლგას, რასაც სხვა ადმინისტრაცია არასდროს შესთავაზებდა.
- 8 მარტს ექსპერტთა საბჭომ მოჯთაბა ხამენეი აირჩია, თუმცა ის საჯაროდ არ ჩანს. ვრცელდება ვერსიები, რომ ის დაჭრილია და რუსეთში გადაიყვანეს, ტრამპმა კი თქვა, რომ შესაძლოა, მკვდარია. რამდენად ლეგიტიმურია მისი ძალაუფლება ირანის შიგნით და ვინ მართავს ახლა ქვეყანას?
- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკელებსაც უჭირთ და ზუსტად არავინ იცის, სად არის ხამენეის შვილი. ამერიკელების სისტემური დაბომბვის შედეგად მივიღეთ სიტუაცია, რომ ირანში დღეს ძალაუფლება დეზინტეგრირებულია. ქვეყანა ერთი ცენტრიდან აღარ იმართება. მაგალითად, ინფორმაცია მოდის ჰორმუზგანიდან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურს ფაქტობრივად მოწყდა. ჰორმუზგანის ელიტა საამიროების დახმარებით ამერიკელებთან კომუნიკაციას თავად ცდილობს. იმავეს ამბობენ ხუზისტანის ელიტაზეც, ეს მეორე სანაპიროა, სადაც ყველაზე მეტი ნავთობია. სწორედ ამ ორ პროვინციაშია ირანის ნავთობისა და გაზის მარაგების 80%. ეს ნიშნავს, რომ ცენტრალური ხელისუფლება იმ სახით, რაც არსებობდა, აღარ არსებობს.
- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ირანს სამხედრო ხუნტა მართავს?
- დღეს ირანში ამერიკელებთან შეიარაღებულ წინააღმდეგობას “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ რეგიონალური წარმომადგენლები აწარმოებენ. ისინი გადაწყვეტილებებს ხშირად დამოუკიდებლად იღებენ. ჰორმუზგანის ადგილობრივმა პოლიციამ გუშაგთა კორპუსის რაზმები ბევრგან განაიარაღა - ეუბნებიან, რომ ამერიკელებს და საამიროებს არ ესროლონ, რადგან საპასუხო დარტყმები ისევ ამ პროვინციებს ხვდება. ეს პროცესი სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ირანში ორი არმიაა: გუშაგთა კორპუსი (თავისი „ბასიჯებით“) და თავად ირანის რეგულარული არმია, რომელიც პრაქტიკულ ნეიტრალიტეტს იცავს. ისლამური ხელისუფლება ვერ ახერხებს არმიის ბრძოლაში ჩაბმას. ეს ტოტალური ნეიტრალიტეტი, სავარაუდოდ, ამერიკელებთან კომუნიკაციის შედეგია.
- როდესაც ტრამპი ამბობს, რომ მას გავლენიანი ირანული ჯგუფები დაუკავშირდნენ, შესაძლოა, სამხედროებს, კერძოდ, არმიის სარდლობას გულისხმობდეს?
- დიახ, შესაძლოა, თუმცა ტრამპი ამაზე ღიად არ საუბრობს, რათა ირანელი სამხედროები წინასწარ არ გამოაჩინოს. თუმცა ერთი რამ ცხადია: აშშ-ისრაელის კოალიცია ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალების ბაზებს არ უტევს. დარტყმები ხორციელდება მხოლოდ „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“, „ბასიჯებისა“ და „მუხრიჯების“ შენაერთებზე. ასევე არ უტევენ საერო ხელისუფლებას - პრეზიდენტის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ა.შ.
როგორც ჩანს, საერო ხელისუფლება და ირანის შეიარაღებული ჯარები სერიოზულ კომუნიკაციაში არიან ისრაელთან და ამერიკასთან. ტრამპს სურს აქცენტი მათზე დასვას. სამხედრო ოპერაციის მიზანია, მაქსიმალურად დაასუსტონ ხელისუფლების ისლამური კომპონენტი და მასზე ორიენტირებული ძალები, რათა საერო და სამხედრო ფრთას ვითარების ხელში აღების საშუალება მიეცეს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
მირიან მირიანაშვილი




