“მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, შემოვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში”

ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის და პარტიას სახელად "ერი" აფუძნებს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი პარტიის ლოზუნგი "ერთობა, რაობა, იმედი" იქნება.
ვასაძის განმარტებით, ბიზნესიდან პოლიტიკაში გადანაცვლების მიზეზი არსებული პოლიტიკური და იდეოლოგიური კრიზისია.
"უკვე ლეგენდარულ მასშტაბში ასული ჩვენი ურთიერთსიძულვილის და ურთიერთდაპირისპირების ანტიკულტურა, ექსტრემისტული მე ვიტყოდი თავდასხმები ერთმანეთზე, ჩვენი ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებზე უკვე გახდა ყოველდღიური რეალობა და ამ რეალობიდან ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, მე არ მიმაჩნია პანდემიაც კი, რომელიც უსათუოდ არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენ ეკონომიკაზე, ისევე, როგორც ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ვართ ბევრად უარესად, ვიდრე ვიქნებოდით, პანდემიის მიუხედავადაც კი, რომ არა ის დესტრუქციული პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც, პრაქტიკულად ქვეყანაში მოშლილია სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღების მწყობრი სისტემა. ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" ზეობის ხანა იყო, 'ოცნების" დროს გაგრძელდა და აგერ უკვვე მთავრდება პოლიტიკური რეფორმა, რომლის შედეგადაც ჩვენ უარი ვთქვით ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთ პროდუქტიულ სისტემაზე, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი, გარდა ამისა ის საპარლამენტო რეფორმა, რომელიც ჩატარდა, ნაცვლად დაპირებული ევროპის გამაოცებელი დემოკრატიისა, გადაიზარდა ქაოსში, რომელშიც ახლა ვართ", – აცხადებს ვასაძე.
ვასაძემ შარლ მიშელის დოკუმენტიც დაიწუნა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლის "მძიმე" გადაწყვეტილება ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ მიიღო. მისი აზრით, დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელყოფს და ამცირებს.
"ეს ნაბიჯი რომ გადამედგა, ჩემთვის ბოლო წვეთი იყო დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა როგორც "ქართული ოცნების", ისე გაერთიანებული ოპოზიციის უმრავლესობის მხრიდან. თუ ეს დოკუმენტი ძალაში შევიდა და ბოლომდე გახორციელდა, ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი თითქმის აღარ რჩება.
მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. გადავდგა ნაბიჯი შემოვიდე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ქვეყანა არის პერმანენტული კრიზისის პირობებში. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კულტურული, სოციალური იდეოლოგიური თვალსაზრისით. შორს ვარ იმ ამპარტავნებისგან და კადნიერებისგან, რომ ერთ რომელიმე პიროვნებას ჩემი თავის ჩათვლით შეუძლია ამის აღმოფხვრა. ჩემი აზრით ერთად უნდა გამოვიდეთ"- აცხადებს ვასაძე.
თაგები:





