“მივმართავ პარლამენტის წევრებს, ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია”


ავტორი
Front News საქართველო
"მივმართავ პარლამენტის წევრებს, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გამოააშკარაოს ყველა ის უბედურება, რასაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების შექმნის პროცესში და, შესაბამისად, გამოკვეთოს დამნაშავე პირები. საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ სიმართლე",- განაცხადა პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარემ ანა დოლიძემ.
"ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთმა ვებგვერდმა, ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გაავრცელა. ვინაიდან ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, სუფთა იურიდიული პერსპექტივიდან, ამდენი ხნის განმავლობაში კომენტარს ვაკეთებდი, არ შეიძლება არ გამოვეხმაურო ამ მართლაც სკანდალურ ფაქტს. საინფორმაციო საშუალების მტკიცებით, აღნიშნული დასკვნა 2019 წელს შეიქმნა, თუმცა დღემდე არ გასაჯაროებულა. იუსტიციის სამინისტრო უარყოფითად აფასებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას და თითქმის იმეორებს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს და რასაც ჩვენ მასთან დაკავშირებით ვამბობდით. დასკვნაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს აქვს აღებული არათანაზომიერი, უთანასწორო და არაპროპორციულია. ბევრი რამ, რასაც მანამდე ვამბობდი, მაგალითად ის, რომ ფორსმაჟორის შემთხვევაში ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა და უამრავი ფინანსური ვალდებულება, ყველაფერი ეს თურმე თავის დროზე იუსტიციის სამინისტროსაც უთქვამს. ამ დასკვნას ხელს აწერს მიხეილ სარჯველაძე, რომელიც იმ დროს იყო მინისტრის მოადგილე, ახლა კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება. ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებას ძალიან ცუდი სუნი ასდის. მართალია, თითქმის ერთი თვის წინ ამ საქმეზე მოვითხოვე გამოძიების დაწყება, მაგრამ ამ დრომდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. უკვე ფაქტია, რომ პირველი რაც უნდა გამოიძიონ ამ დასკვნის ნამდვილობაა, თუ რატომ არ იყო აქამდე გასაჯაროებული და ვისი ბრძანებით დამალა. ამასთან, რა როლი აქვს ამ ყველაფერში ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, რომლის მიმართაც არის ეს წერილი გამოქვეყნებული.
მეორე, როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები მაინც მუშაობენ, სხვა შემთხვევაში ეს დასკვნა არ დაიწერებოდა. და თუ გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად მართალია, ჩვენმა მოხელეებმა შეძლეს, რომ სიმართლე ეთქვათ, თუმცა მას პოლიტიკური რეაგირება არ მიეცა თურნავას და პრემიერის მხრიდან.
მესამე – ძალიან მნიშვნელოვანი – ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გზით. მივმართავ პარლამენტის წევრებს, მათ შორის ოპოზიციურ ფრაქციებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გამოააშკარაოს ყველა ის უბედურება, რასაც ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების შექმნის პროცესში და, შესაბამისად, გამოკვეთოს დამნაშავე პირები. საზოგადოებამ უნდა ვიცოდეთ სიმართლე", – განაცხადა ანა დოლიძე მიმართვაში.
თაგები:
