Logo

“მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ”

საზოგადოება
1533
Frontnews image description

თუ ჩვენ ღმერთს ისეთი სიყვარულით შევიყვარებთ, რომლის გადამწონი ამქვეყნად არავინ და არაფერი იქნება, ჩვენშიც და ჩვენს გარშემოც ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება, ჭეშმარიტი წესრიგი დამყარდება და უფლისაგანაც საოცარ შეწევნას მივიღებთ, – ამის შესახებ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეშია აღნიშნული.

"ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო, ჩავიხედოთ ჩვენს გულში და პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ  მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება,  როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი.  უფალმა ისმინა მისი, ორივე სურვილი აღუსრულა და სიხარულითა დიდითა აღავსო იგი (მკ.9,24).

მსგავსი სიხარულის თანაზიარნი ჩვენც რომ გავხდეთ, ღვთის შეცნობისაკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ: ვიკითხოთ წმინდა წერილი, წმინდანთა ცხოვრება და დარიგებანი. ასევე, მუდმივად უნდა ვთხოვდეთ მაცხოვარს, განგვაძლიეროს, და იერემია წინასწარმეტყველის სიტყვებით ვევედროთ: „განმკურნე, უფალო, და განვიკურნები, გადამარჩინე, უფალო, და გადავრჩები, რადგან შენ ხარ ჩემი დიდება“ (იერ.17,14).

ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა, და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ყოველნო ერნო:

ქრისტე აღდგა!

მკვდრეთით აღმდგარი ღმერთი გვიხმობს სამეუფეო გზისკენ, მარადიული დიდებისა და ნეტარებისკენ, მარადიული სიყვარულისა და სიხარულისკენ.

მის შესახვედრად "უწინარეს ყოვლისა იპყარით რწმენის ფარი, რითაც შესძლებთ უკეთურის ყველა ცეცხლოვანი ისრის დაშრეტას“ (ეფ.6.11) და „შეიმოსეთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მიუტევეთ და თქვენი თავი მიჰმადლეთ ურთიერთს … შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა. ყველაფერს განაგებდეს თქვენს გულებში მშვიდობა ღმრთისა და მადლიერნი იყავით“… (კოლ.3.12-16). შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ.6,12), რათა  „დავიმკვიდროთ შეუძვრელი სასუფეველი“ (ებრ.12,28)

გახსოვდეთ, „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა“ (ებრ. 13.8) და ჟამთა ცვლა მას არ ეხება.

გიხაროდეთ, ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!", – აღნიშნულია ეპისტოლეში

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები