მომავალ კვირას გერმანიის კანცლერი ვაშინგტონს პირველად ეწვევა


ავტორი
Front News საქართველო
მომავალ კვირას გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ვაშინგტონს პირველად ეწვევა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ის აშშ-ში მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ გაემგზავრება.
მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა განმარტა, რომ მერცი ვაშინგტონში გაემგზავრება ხუთშაბათს, 5 ივნისს.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და სავაჭრო პოლიტიკა.
Bloomberg აღნიშნავს, რომ კანცლერის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მერცი მთელ ევროპაში მოგზაურობდა, რათა შეხვედროდა მოკავშირეებს საფრანგეთში, პოლონეთში, სკანდინავიურ ქვეყნებსა და უკრაინაში. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესების დაპირებების მიუხედავად, ატლანტის ოკეანე არ გადაუკვეთია.
ვაშინგტონსა და ბერლინს შორის ურთიერთობები დაძაბულია ვაჭრობის დისბალანსიდან დაწყებული კიევის მხარდაჭერით დამთავრებული პრობლემების ფონზე. ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უარს იტყვის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობებზე და შეამცირებს ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერას.
შეხვედრის ორგანიზების დაგვიანების მიუხედავად, მერცს ეძლევა შანსი, თავისი პოზიცია ტრამპს წარუდგინოს, მისი წინამორბედის, ოლაფ შოლცისგან განსხვავებით. სოციალ-დემოკრატმა თეთრ სახლში მიწვევა ვერ მიიღო მას შემდეგ, რაც მან მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისს.
მერცის შეხვედრა გაიმართება ერთი კვირის შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ვაშინგტონში გაემგზავრა თავის ამერიკელ კოლეგასთან, მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებისთვის. ვადეფულმა მაშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 45-წუთიანი შეხვედრის დროს ორივე მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საერთო პოზიციას. თავად რუბიო პრესკონფერენციას არ დასწრებია.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ვიზიტის დროს საჯაროდ გაანაწყენა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა, გერმანელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ მერციც შესაძლოა, მსგავს მოპყრობას ელოდოს.
აშშ-სთან გერმანიის სავაჭრო პროფიციტის გამო დაძაბულობის გარდა, ტრამპის მოკავშირეები ეწინააღმდეგებიან ქვეყნის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიმართ დამოკიდებულებას. რუბიომ ბუნდესტაგში სიდიდით მეორე პარტიის ულტრამემარჯვენეებად კლასიფიცირების მცდელობას „შენიღბული ტირანია“ უწოდა. თავის მხრივ, მერცმა ბრალდებები უარყო და მოუწოდა ამერიკელ პოლიტიკოსებს, არ ჩაერიონ გერმანიის შიდა პოლიტიკაში.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს შეუძლია საპასუხო ზომები მიიღოს აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ, თუ სავაჭრო კონფლიქტი გამწვავდება.
საკამათო საკითხების გადასაჭრელად, მერცი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მზად იყო დაკმაყოფილებულიყო ტრამპის ზოგიერთი მოთხოვნა, მათ შორის ვალდებულება, რომ მომდევნო წლებში გერმანიის თავდაცვის ხარჯები ეროვნული მშპ-ს 5 პროცენტამდე გაეზარდა.
თაგები:
ფრიდრიხ მერცი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა