Logo

“მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

Frontnews image description

პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვეს.

"ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. რამდენიმე დღე გავიდა და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად ჩვენ პოლიტიკურ ინსინუაციებს და სხვადასხვა სტუდიებში განხილვებს ვხედავთ. არის პოლიტიკური მარჩიელობა, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიო პასუხები გამოძიებისგან გვქონდეს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, პროკურატურამ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს კიდეც, მაგრამ „მის მიმართ ნდობა ობიექტური მიზეზების გამო არის ნულს ქვემოთ“.

„უპირველესად „ქართული ოცნების” ინტერესშია, ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გაეცეს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ინიციატივის რეალიზებაში, რადგან პარლამენტში სულ ორი მანდატი გვაქვს, ხოლო რეგლამენტის თანახმად 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისთვის, ხოლო 50 ხმა – კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ელისაშვილმა.

თაგები:

Advertisement