Logo

მოქალაქეთა ჯგუფი პრეზიდენტს მიმართავს, უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს

Frontnews image description

მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს.   

 

„საზოგადოებისთვის ცნობილია რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის დასაცავად“ დაწყებულმა „სპეცოპერაციამ“ მეზობელ სახელმწიფოზე ფართომასშტაბიანი შეიარაღებული თავდასხმის სახე მიიღო, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს განადგურებას. უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული არმია ანადგურებს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს, არამედ სპობს ქალაქებს და დასახლებულ პუნქტებს, მათ შორის საავადმყოფოებს, კულტურის სახლებს, სამშობიაროებს, უმოწყალოდ ხოცავს მშვიდობიან სამოქალაქო მოსახლეობას.

 

განურჩეველ სამხედრო თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე უკრაინაში უკვე 150- ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.   21-ე საუკუნეში, როდესაც თანამედროვე სამყაროს უსაფრთხოება და მშვიდობა ემყარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისეთ ღირებულებებს როგორიც თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, სახელმწიფოს სუვერენტიტეტი, ტერიტორიული ხელშეუხებლობა და სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა, რუსეთის მიერ წამოწყებული და განხორციელებული სამხედრო აგრესია არის სრულიად გაუგონარი აქტი, რომელიც თავისი მასშტაბებით და სისასტიკით მეორე  მსოფლიო ომის დრამატულ მოვლენებს ემსგავსება.   

 

თანამედროვე მსოფლიოს აღფრთოვანებას იწვევს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა დამპყრობლის მიმართ. გმირი უკრაინელი ხალხი შეუპოვრად იცავს საკუთარი მიწის თითოეულ გოჯს და დიდ დანაკარგს აყენებს მტერს. უკრაინელი ხალხის ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ არ არის ბრძოლა მხოლოდ უკრაინის მიწის დასაცავად. ეს არის ბრძოლა სრულიად თავისუფალი სამყაროს ტირანიისგან დასაცავად.   ქართველ ხალხს არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რაოდენ დიდ ბოროტებას წარმოადგენს რუსული ოკუპაცია. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, მისი გამანადგურებელი შედეგებით, დანგრეული ქალაქებით და სოფლებით, დევნილად ქცეული მოსახლეობით და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციით, რომელიც დღესაც გრძელდება და ფართოვდება.   დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას. უკრაინაში მიმდინარე ომი არის „ჩვენი ომი“, ასევე ყველა თავისუფლების მოყვარე ერის ომი. ამ ომში ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მოვალეობაა, ყოველმხრივ მხარში დაუდგეს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვიან ქართველები, რომლებიც იცავენ არა მარტო უკრაინულ, არამედ ქართულ მიწას და საქართველოს  თავისუფლებას. 

 

სამწუხაროდ, ომი მსხვერპლის გარეშე არ არსებობს; რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში გმირულად დაიღუპა ჩვენი ოთხი თანამემამულე – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ისინი დაიღუპნენ უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის! ქართველი გმირების თავგანწირვას სათანადო აღიარება სჭირდება როგორც ხალხის, ასევე ხელისუფლების მხრიდან.   

 

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს უკრაინის განმათავისუფლებელ ომში დაღუპულ ქართველ გმირებს. ხოლო მათ ოჯახებს შესაბამისი პატივისცემით მოეპყრას. დიდება ქართველ გმირებს. დიდება უკრანას! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ – კახა წიქარიშვილი, თამარ ალექსიძე, ბესიკ ლოლაძე, თამარ ჯაფარიძე, ზაზა მეგრელიშვილი, თამარ ლალიაშვილი, თეა ჭიქაბერიძე, გურამ მეკოშკიშვილი, ხათუნა ჩხეიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, გვანცა გაზდელიანი, ნინო ცქვიტიშვილი, მიხეილ გაფრინდაშვილი, ირაკლი ქლიბაძე, ირაკლი ფაჩულია, ინგა ახვლედიანი-ბერძენიშვილი, ნათია ქუთათელაძე, ირაკლი კორძახია, მორეტა ბობოხიძე, ლაშა ტყეშელაძე, კარლო ნიკოლეშვილი, იზა კასრელიშვილი, ანი ფორჩხიძე, სოფიკო ალექსიძე, სალომე ჯოხაძე, გიორგი სელიმაშვილი, მარიამ გერსამია, თორნიკე ბაქრაძე, მაია ბაქრაძე.  

Advertisement