Logo

“მოვუწოდებ მთავრობას, აღკვეთონ ასეთი სახის პროვოკაციები, ტურიზმს ურტყამს”

საზოგადოება
601
Frontnews image description

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით სამარცხვინო საქციელია და ტურიზმის რეპუტაციას ზიანს აყენებს. ამის შესახებ ქობულიამ გადაცემა "კომენტარში" განაცხადა.

ქობულია მიიჩნევს, რომ ადამიანს "განსხვავებული აზრის გამო ქვა არ უნდა ესროლონ":

"გავიაზროთ ყველამ, რას მივაღწიეთ ჩვენ იმ სამარცხვინო საქციელით, რომელიც მოხდა გუშინ. რას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ? მიაღწია იმას, რომ ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი დარტყმა ჩვენი ტურიზმის რეპუტაციაზე. ჩვენ შეიძლება მოგვწონდეს ეს ადამიანი, შეიძლება არ მოგვწონდეს. ეს არის ჟურნალისტი, რომელმაც გამოთქვა თავისი აზრი. ეს აზრი შეიძლება ჩვენ არ მოგვწონს, მაგრამ ამის გამო ადამიანს ქვა არ უნდა ვესროლოთ", – აცხადებს ქობულია.

როგორც მან აღნიშნა, პოზნერისა და გავრილოვის ვიზიტების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლა აბსოლუტურად სხვა საკითხია. 

"გავრილოვის ამბავი აბსოლუტურად სხვა იყო. გავრილოვის ამბავი იყო ოფიციალური ვიზიტი და ჩამოვიდა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. როგორ შეიძლება შეადაროთ გავრილოვის საკითხს, როდესაც ჩვენთან ჩამოდის სტუმარი, რომელსაც უყვარს საქართველო, ჩამოყავს თავისი სტუმრები და იხდის დაბადების დღეს და ჩვენ მას ვადგებით კარზე და ქვებს ვესვრით", – განაცხადა ქობულია.

ამასთან, მან ხელისუფლებას მსგავს საკითხებში მეტი გაბედულობისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ცოტა მეტი გაბედულობა სჭირდებათ. მათ უნდა აღკვეთონ ასეთი სახის პროვოკაციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ასეთი სახის დივერსიები ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს. ჩვენი ტურიზმის შემოსავლები 50%-ზე მეტი შემოდიოდა რუსეთიდან შემოსული ტურიზმით", – განაცხადა ქობულიამ.

თაგები:

Advertisement