მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
76 წლის ასაკში მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ახმეტელის თეატრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა ნუგზარ ყურაშვილი. ბატონი ნუგზარის შემოქმედებითი გზა ქართული თეატრალური ხელოვნების გამორჩეული მატიანეა, როგორც ახმეტელის თეატრში – ასევე: სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრ ტალღაში“. მისი მრავალმხრივი ნიჭი თანაბარი სიძლიერით ვლინდებოდა როგორც სცენაზე, ისე კინოეკრანზე. ბატონმა ნუგზარმა შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი კინოპერსონაჟი, რომლებმაც მას მაყურებლის საყოველთაო სიყვარული და აღიარება მოუტანა. ახმეტელის თეატრის დაარსების პირველივე დღიდან ის იყო ჩვენი დასის განუყოფელი ნაწილი, ერთგული მეგობარი და პროფესიონალიზმის მაგალითი. მისი წასვლა დიდი დანაკლისია მთელი ქართული კულტურისთვის. სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის კოლექტივი სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს“, – აღნიშნულია ახმეტელის თეატრის განცხადებაში.
ნუგზარ ყურაშვილი 1972-1980 წლებში მოღვაწეობდა სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1980 წლიდან ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. 1985-1987 წლებში გამოდიოდა „მეტეხის თეატრის“ სცენაზე.
ნუგზარ ყურაშვილს ისეთ ფილმებში აქვს შესრულებული მთავარი და ეპიზოდური როლები, როგორებიც არის: „ძმა“, „სერაფიტა“, „წიგნი ფიცისა“, „ზღვის მაშვრალნი“, „ფესვები“, „ვამეხი მოდის“, „გამოცხადება“, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვა.
თაგები:
ნუგზარ ყურაშვილი




