“მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ – პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია”

ავტორი
Front News საქართველო
გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დღეს მედიასთან ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგიის აუცილებლობაზე ისაუბრა და დეოკუპაციის მიდგომის ნაწილად დებორდერიზაცია გააჟღერა, რაც პოლიტიკურ სივრცეში ახალი საკითხია, რის შესახებაც ადრე პოლიტიკოსებს არ უსაუბრიათ.
“პრემიერ-მინისტრობის დროსაც ჩვენ უკვე გვქონდა კონკრეტული გეგმა და უკვე შექმნილი და დაწყებული გვქონდა კომისიის შექმნის პროცესი, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება დეოკუპაციის გეგმა. შეუძლებელია ოკუპირებულ ქვეყანას – რომლის 20% ოკუპირებულია – არ ქონდეს გააზრებული, მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი სტრატეგია, როგორ აპირებს ქვეყნის დეოკუპაციას. ასეთი სტრატეგიის არქონა მოქმედებს ყველაფერზე: ეკონომიკურ განვითარებაზე, პარტნიორებთან ურთიერთობაზე… ყველაფერზე! პირველი, რაც გასაკეთებელია – ქვეყანას უნდა ქონდეს მკაფიო წარმოდგენა როგორია საქართველოს დეოკუპაციის სტრატეგია. ამ დეოკუპაციის სტრატეგიის ერთი პატარა ნაწილი უნდა იყოს დებორდერიზაციის გეგმა. ქვეყანას უნდა ქონდეს დებორდერიზაციის გეგმა, რადგან ჩვენ ხიდებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ვერ ავაშენებთ, თუ ფიზიკური წვდომა არ გვქონდა ერთმანეთთან და მავთულხლართებით ვიყავით გაყოფილი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გახარიამ მედიასთან. გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარება მტერთან საუბრის გარეშე შეუძლებელია და ამ საკითხის გადავადებით საქართველო მხოლოდ დროს აგებს.„ერთი რამე უნდა გვესმოდეს ყველას – მტერსაც უნდა ველაპარაკოთ – ჩვენი სალაპარაკოა ეს! არავინ ჩვენს მაგივრად არ დაელაპარაკება ოკუპანტს – ეს ნაბიჯები ჩვენ უნდა გადავდგათ პრაგმატულად, ცივი გონებით , მაგრამ ეს ჩვენი გასაკეთებელია! რაც უფრო გვიან გავაკეთებთ ამას, მით უფრო დავზიანდებით! რაც უფრო დროულად დავიწყებთ ფიქრს, როგორ დავალაგოთ, როგორ ვესაუბროთ ოკუპანტს და ჩვენი ქვეყნის მტერს… დღეს ყველას უნდა გვესმოდეს , რომ ჩვენს გარდა ამას არავინ არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“ – განაცხადა გიორგი გახარიამ
პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე – გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ბათუმის, გორის, ზუგდიდის, ფოთისა და მარტვილის შემდგომ დღეს ქუთაისში გახსნა.
თაგები:





