მთიანი ყარაბაღი: კონფლიქტში პირდაპირ და ირიბად ჩართული მხარეების სტრატეგიისა და პოზიციის ანალიზი


ავტორი
Front News საქართველო
1988-1994 წლებში მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. მოცემულმა კონფლიქტმა საფუძველშივე გააქრო რეგიონის, როგორც ერთიანი გეოპოლიტიკური სივრცის სრული პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. მოსპო ნებისმიერი პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატისა. მეტიც, აღნიშნულმა კონფლიქტმა, როგორც სომხეთში, ისე – აზერბაიჯანში მნიშვნელოვნად განსაზღვრა ეროვნული პროექტების ანატომია და ურთიერთანტაგონიზმი ნაციონალური იდენტობის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილად აქცია. ორივე ქვეყნის მმართველი ელიტა მთიან ყარაბაღს ათწლეულების განმავლობაში იყენებდა როგორც საკუთარი რეჟიმის ლეგიტიმაციის ერთგვარ საფუძველს. მოწინააღმდეგისგან შექმნილი მტრის ხატი, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოების ფართო მასის მობილიზაციაა შესაძლებელი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა და სავარაუდოდ, მომავალშიც შეასრულებს მმართველი ელიტების მხრიდან ძალაუფლებისა და სიმდიდრის წყაროზე წვდომის მყარი გარანტის როლის შესრულებას.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თავისი შინაარსით არის გაცილებით ღრმა, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების უმრავლესობა. მოცემულ რეგიონს პრაქტიკულად ეგზისტენციური მნიშვნელობა გააჩნია, როგორც სომხური, ისე – აზერბაიჯანული ნაციონალური იდენტობის ფორმირების პროცესში. მთიანი ყარაბაღი იყო რეგიონი, სადაც სომეხმა ერმა სომხური სახელმწიფოებრიობის მოსპობის შემდეგაც კი შეძლო და შეინარჩუნა არამხოლოდ ეროვნული ყოფნა, არამედ კულტურული თვითმყოფადობა. იმავდროულად სწორედ ყარაბაღი (რეგიონის ფართო გაგებით, რომელიც მოიცავს მთიან ყარაბაღსაც) თამაშობს საკვანძო როლს აზერბაიჯანელი ხალხის ერად ფორმირების პროცესში. შესაბამისად, აღნიშნული კონფლიქტი თავისი კულტურული, მენტალური, ისტორიული და სოციალური მნიშვნელობით გაცილებით ახლოსაა არაბული სამყაროსა და ისრაელის კონფლიქტთან იერუსალიმის გარშემო, ვიდრე თუნდაც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებთან.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მხედველობაშია მისაღები გახლავთ აზერბაიჯანის ეთნო-კულტურული სიახლოვე თურქეთთან. კონცეფცია, "ორი ქვეყანა – ერთი ერი“; იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ სომხურ საზოგადოების იდენტობის ფორმირებაზე დღესაც უდიდეს როლს თამაშობს პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები სომხების მასობრივი განადგურება; სომხური საზოგადოების, მათ შორის დიასპორის არაერთ წარმომადგენელში ასოციაციურად იწვევს ისტორიული საფრთხის შეგრძნებას, შესაბამისად ბრძოლა ყარაბაღისთვის, აღქმულია, როგორც ბრძოლა ერის ფიზიკური გადარჩენისთვის.
არსებულ გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, მოცემული ისტორიული და კულტურული გარემოებების ფონზე ნათელი ხდება რატომ აღიქვამს, როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი პრაქტიკულ ეროვნულ მისიად მთიანი ყარაბაღის რეგიონში „საბოლოო გამარჯვების“ მიღწევას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე მოცემულ კონფლიქტს გამარჯვებული პრაქტიკულად არ ყავს.
ყარაბაღის მეორე ომმა, რომლის აქტიური ფაზაც მიმდინარე წლის 10 ნოემბერს დასრულდა, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების მიერ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტზე ხელის მოწერით, მართალია წერტილი დაუსვა ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, თუმცა რთულია, დღევანდელი მოცემულობით აღნიშნული დოკუმენტი გრძელვადიანი მშვიდობის გარანტიად მივიღოთ. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, მთიანი ყარაბაღი არ გადასულა სრულად აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. სომხურმა მხარემ შეინარჩუნა დედაქალაქი და მიმდებარე ტერიტორიები, მიუხედავად ამისა, სამხედრო ტაქტიკური, თუ სტრატეგიული თვალსაზრისით დღეს სომხური პოზიციები გაცილებით მოწყვლადია, ვიდრე ოდესმე. შესაბამისად, ადრე თუ გვიან აზერბაიჯანულ სამხედრო და პოლიტიკურ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება რეგიონზე სრული კონტროლის დამყარების საკითხი.
ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ტექსტი და პირობები სომხური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური დესტაბილიზაცია, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერაა მართული, მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთის საზოგადოებისთვის აღნიშნული შედეგები მიუღებელია, რაც ალბათობის მაღალი ხარისხით გადაიზრდება რევანშიზმში, რომელიც საკმაოდ მძიმედ გაიდგამს ფესვებს სომეხი ხალხის ეროვნულ ცნობიერებაში. აღნიშნული მარცხი აღქმულია არა უბრალოდ სამხედრო და პოლიტიკურ წარუმატებლობად, არამედ სირცხვილად, რომელსაც მნიშვნელოვნად ამძაფრებს აზერბაიჯანის ლიდერის დამცინავი პოზიცია სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. აზერბაიჯანულ მხარეს სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა მოთმინება და სიბრძნე საიმისოდ, რომ წარმატების შემდეგ მისი მოწინააღმდეგის ღირსება ფეხქვეშ არ გაეთელა, ამას კი აუცილებლად ექნება ისტორიაში საკუთარი გამოძახილი.
შესაბამისად, მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, ერთ მხარეს მისია მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა, მეორე მხარეს კი პრაქტიკულად პირველივე დღეს გამოიკვეთა რევანშიზმის აჩრდილი, რაც გრძელვადიან პერიოდში წარმატებულ სამშვიდობო პროცესს, მხარეთა შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას და რეგიონში ინტეგრაციული პროცესების დაწყებას შეუძლებელს ხდის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ დასრულებულა, არამედ მის ისტორიაში ახალი თავი დაიწყო. როდესაც ვაანალიზებთ, თუ რამ მიგვიყვანა აქამდე, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს, სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ პეტროსიანის მიერ 1997 წელს დაფიქსირებული პოზიცია, სადაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ისტორიის მოცემულ ეტაპზე არსებული უპირატესობისა, დრო სომხეთის და შესაბამისად ყარაბაღის ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს. მისი თქმით, ისტორიის მოცემულ ეტაპზე სომხეთი „ძლიერია, როგორც არასდროს“, თუმცა არსებული რეალობის გათვალისწინებით ძალთა ბალანსი დროთა განმავლობაში შეიცვლება აზერბაიჯანის სასარგებლოდ და თუ სომხეთი ამ ეტაპზე უარს იტყვის კომპრომისზე, მას სამომავლოდ მოუწევდა ხვეწნა იმ პირობების, რაზეც დღეს სომხეთი არ თანხმდება. „კომპრომისს არ აქვს ალტერნატივა, კომპრომისის ერთადერთი ალტერნატივა არის ომი“. აღნიშნული პოზიცია შესაძლოა, ითქვას, სომხეთის პირველ პრეზიდენტს თანამდებობის ფასად დაუჯდა, სომხური საზოგადოება არ აღმოჩნდა მზად კომპრომისისთვის, ხოლო მის შემდგომ ხელისუფლებაში მოსული ყარაბაღის ელიტები კი კომპრომისს პრაქტიკულად არ განიხილავდნენ მოლაპარაკების არც ერთ ეტაპზე. ამ პერიოდის განმავლობაში კი ძალთა ბალანსი შეიცვალა და ის შეიცვალა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. კასპიის ზღვის ნახშირ-წყალბადური რესურსების ათვისებამ, ახალმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა აზერბაიჯანი რეგიონის ეკონომიკურ ლიდერად აქცია, რამაც ამ უკანასკნელს მისცა სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდის საშუალება.
იმავდროულად სომხური სახელმწიფო, რომელიც მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა, ინარჩუნებდა პრინციპულ პოზიციას ყარაბაღის საკითხთან მიმართებაში, არსებული ელიტების გავლებით პრაქტიკულად იქცა საკუთარი „გამარჯვების“ გეოპოლიტიკურ მძევლად. ერთი მხრივ თურქეთის, მეორე მხრივ კი აზერბაიჯანის მხრიდან იზოლირებამ, სომხეთი პრაქტიკულად "გაწირა“ რუსეთის ფედერაციასთან „სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, რაც გამოიხატა როგორც სომხეთში რუსული მზარდი სამხედრო ყოფნის დაფიქსირებით, ისე სომხეთის სახელმწიფო საზღვრებზე რუსი მესაზღვრეების ყოფნით. რუსული კაპიტალი პრაქტიკულად განსაზღვრავდა ქვეყნის ეკონომიკურ კლიმატს. სომხეთი იქცა ყველა რუსული ინტეგრაციული პროექტის (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, საბაჟო კავშირის, შემდგომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი) ორგანულ მონაწილედ, რამაც ერთი მხრივ თითქოს ქვეყანას მისცა უსაფრთხოების გარანტიები, მეორე მხრივ კი სომხეთის საგარეო პოლიტიკური ავტონომიურობა მკვეთრად შეიზღუდა, სწორედ აღნიშნულმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვნად განაპირობა სომხურ-თურქული მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა 2009 წელს საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესის შეჩერება, ასევე ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გაზსადენის პროექტის რევიზია.
2018 წელს, სომხეთის ხელისუფლებაში პირველად მოდის ლიდერი, რომელიც არ არის ასოცირებული მთიანი ყარაბაღის ინტერესთა ჯგუფებთან. გაჩნდა მოლოდინი, რომ იგი შეძლებდა ქვეყნის დახსნას "ისტორიის ტყვეობიდან“, რაზეც ის ჯერ კიდევ 2015 წელს საუბრობდა და საზოგადოებას განვითარების ახალ, პოზიტიურ დღის წესრიგს შესთავაზებდა. მიუხედავად ამისა, მისთვისაც შეუსრულებელ ამოცანად იქცა ერთი მხრივ სახელმწიფოს შეუქცევადი დემოკრატიზაციის პროცესის დაწყება, მეორე მხრივ კი საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი გადმოსახედიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ მან ვერ შეაფასა სათანადოდ აზერბაიჯანული საფრთხე, არადა ამ დროისთვის აზერბაიჯანს პრაქტიკულად დასრულებული აქვს მზადება ომისთვის. მან არ მიიღო სერიოზულად აზერბაიჯანის სამხედრო მუქარა. სომხეთის პრემიერის განცხადება, რომ "ყარაბაღი არის სომხეთი და წერტილი“, ბაქოში მიიღეს, როგორც სიგნალი მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შესახებ.
იმავდროულად, მისი პოლიტიკური ნაბიჯები სტრატეგიულ მოკავშირეში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირების დონეზე პრემიერ ფაშინიანს არასდროს დაუყენებია რუსეთისა და სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ, მოსკოვმა მისი მთელი რიგი მოქმედებები შეაფასა, როგორც საგანგაშო გზავნილი.
შედეგად კი დადგა რეალობა, სადაც სომხეთისა და მისი სტრატეგიული მოკავშირის ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, აზერბაიჯანი კი მზადაა ომისთვის. მას ზურგს უმაგრებს თურქეთი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური საგარეო პოლიტიკური და სამხედრო აქტიურობით გამოირჩევა. პარალელურად, კორონავირუსის გლობალური პანდემია დასავლეთის ლიდერებს აიძულებს მეტად იყვნენ კონცენტრირებული საკუთარ ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. შედეგად კი, მათი, განსაკუთრებით ევროპული თანამეგობრობის მხრიდან ნაკლებადაა მოსალოდნელი სერიოზული სამშვიდობო ძალისხმევა სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში. ესეც რომ არა, სომხეთი დასავლეთში ტრადიციულად აღქმულია, როგორც სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენის ერთგვარი ფორპოსტი, შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ დასავლეთი გამოიჩენდა სიფრთხილეს და არ იმოქმედებდა აქტიურად „რუსეთის პრივილეგირებული გავლენის ზონაში“.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით განახლდა სამხედრო მოქმედებები, სადაც სომხური მხარე აღმოჩნდა პირისპირ მასზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან, აზერბაიჯანულ-თურქულ კოალიციასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე დაპირისპირების ბედი იმთავითვე ნათელი იყო. უცნობი იყო მხოლოდ ის, თუ რამდენად ძვირი დაუჯდებოდა აზერბაიჯანს აღნიშნული ოპერაცია, რაც ასევე განსაზღვრავდა იმას, თუ რას შეინარჩუნებდა სომხეთი. გამოცანას წარმოადგენდა ისიც თუ როდის და რა ფორმით ჩაერეოდა პროცესებში რუსეთის ფედერაცია.
ომის შედეგებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსი კარდინალურად შეცვალა. ერთი მხრივ, თუკი აქამდე სომხეთი და აზერბაიჯანი, მიუხედავად არსებული სამხედრო და ეკონომიკური ასიმეტრიისა, ერთ სიბრტყეში განიხილებოდა, დღეს აღნიშნული მოცემულობა დაირღვა და აზერბაიჯანი გამოიკვეთა როგორც რეგიონის სამხედრო და ეკონომიკური ლიდერი. შეიცვალა აზერბაიჯანული საზოგადოების განწყობებიც. რევანშიზმი ჩაანაცვლა გამარჯვების შეგრძნებით გამოწვეულმა ეიფორიამ. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი აზერბაიჯანის რეგიონული და საგარეო პოლიტიკური აქტიურობის მნიშვნელოვანი ზრდისა.
აზერბაიჯანის ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნაც. ნახიჭევანთან პირდაპირი სახმელეთო მიმოსვლა საშუალოვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეცვლის აზერბაიჯანის ეკონომიკურ სურათს. აზერბაიჯანის და თურქეთის პარტნიორობა კი უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენს. გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული გავლენას იქონიებს საქართველოზეც.
თავის მხრივ თურქეთი, როგორც ომის ყველა ეტაპზე, პროცესში ჩართული მხარე კავკასიის რეგიონში, ისევე, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი განაცხადით შემოვიდა. მან აჩვენა, რომ თურქეთს შესწევს რეალური ძალა და აქვს ნება დაეხმაროს მოკავშირეებს. თურქული სახელმწიფო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კავკასიის რეგიონში ასეთი აქტიური არასდროს ყოფილა. თურქი დიპლომატების რიტორიკაში გაჩნდა გზავნილები უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მისამართით. ჩნდება განცდა, რომ ანკარა ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცის უსაფრთხოების გარემოს ერთგვარი არქიტექტორის როლის მორგებას.
თავის მხრივ საინტერესოა რუსეთის პოზიცია. არაერთი ექსპერტის აზრით, მოსკოვის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად შეირყა, თუმცა აღნიშნული დასკვნის გაკეთება ნაადრევია. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი ზეიმობს წარმატებას, არ ჩანს იმის ნიშნები, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისევე, როგორც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უახლოეს პერიოდში დაიწყებს დათბობას. იმისთვის, რომ თურქეთმა შეძლოს თავისი ახალი განაცხადის სისრულეში მოყვანა, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორც სომხეთთან საზღვრის გახსნა, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის დაწყება. დღეის მდგომარეობით კი ერთი მხრივ აზერბაიჯანში არსებული განწყობები, მეორე მხრივ კი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ნაკლებად იძლევა მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების საფუძველს. შესაბამისად, მოსკოვის სტრატეგიულ ამოცანად რჩება უზრუნველყოს სომხეთში რუსეთზე დამოკიდებული და რუსული პოლიტიკური დღის წესრიგისადმი ლოიალური ხელისუფლების მოსვლა, რაც ამ ეტაპზე სავსებით რეალურია.
სომხეთის საკუთარ ორბიტაზე დამაგრების პარალელურად, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში გაიზარდა. ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში, თუკი თურქულ-აზერბაიჯანული კოალიცია გადაწყვეტს რეგიონზე სრული კონტროლის დამყარებას, მათ მოუწევთ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება. მიღწეული წარმატება მეტწილად იმანაც განაპირობა, რომ რეგიონში არ იდგა არც ერთი ქვეყნის სამშვიდობო კონტინგენტი, რამაც აზერბაიჯანულ ძალებს მისცა თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ამგვარად, რუსეთმა მისი მოკავშირის ტერიტორიული დანაკარგების ხარჯზე მიიღო ყარაბაღის კონფლიქტზე ზემოქმედების პირდაპირი ბერკეტი სამხედრო ყოფნის ხარჯზე. ეს კი თავის მხრივ ზრდის იმის ალბათობას, რომ აზერბაიჯანი, ისევე როგორც სომხეთი თავის დროზე ჩამოყალიბდეს ყარაბაღის ერთგვარ მძევლად.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ერთად ხელს აწერს რუსეთის პრეზიდენტი. ამგვარად მოსკოვი აკეთებს მკაფიო განაცხადს, რომ იგი ამ დრომდე რჩება რეგიონში უსაფრთხოების სისტემის მთავარ არქიტექტორად.
ამდენად, ომის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონში აზერბაიჯანის წონა, ასევე რუსულ-თურქული კონკურენციის ხარისხი, რაც თავისთავად ცხადია გვერდს ვერ აუვლის საქართველოს. საქართველოსთვის ახლა, ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ეროვნული კონსოლიდაცია ერთიანი, ქართული სახელმწიფოს იდეის გარშემო, პოლიტიკური სტაბილურობა, მდგრადი ეკონომიკური განვითარების სისტემისა და მოდელის შექმნა და შეუქცევადი დემოკრატიზაცია. მიუხედავად საკმაოდ რთული გამოწვევისა, ქართულ დიპლომატიას რეალურად ეძლევა შანსი საქართველოს შესძინოს თვისებრივად ახალი და დიდი მნიშვნელობა თანამედროვე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემისთვის, როგორც დასავლეთის უალტერნატივო, სანდო და სტაბილურმა პარტნიორმა რეგიონში. ამისთვის კი საჭიროა ქართული პოლიტიკური კლასის კონსოლიდირებული ძალისხმევა და ფართო პოლიტიკური და სამოქალაქო კონსენსუსი საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხების გარშემო.
გიორგი გობრონიძე, სპეციალურად Front news_copy International-სთვის
თაგები:
