ნაძალადევის რაიონის გამგებელი - ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში, ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება


ავტორი
Front News საქართველო
ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ანდღულაძის განცხადებით, დადიანის 2 ნომერში საცხოვრებელი კორპუსი ავარიული იყო და მათ ადგილობრივებს არაერთხელ შესთავაზეს ქირით გასულიყვნენ, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.
როგორც ანდღულაძემ განაცხადა, დღევანდელ შემთხვევაზე მიმდინარეობს მოკვლევა, ხოლო მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს მერია უზრუნველყოფს ჯერ სასტუმროში, შემდეგ – ქირით.
„დავათვალიერეთ, მიმდინარეობს მოკვლევა და დასკვნა დაიდება. ყველა ოჯახი გაგვყავს სასტუმროში. ღია ცის ქვეშ არავინ დარჩება. შემდეგ, პირველადი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად ქირით გავიყვანთ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა შეთავაზება ქირით გაყვანაზე და შემდეგ გლობალური მასშტაბით ყველა პრობლემის მოგვარება, მაგრამ უარი განაცხადეს. მუნიციპალიტეტს, მერიას და გამგეობას ყველასთან ჰქონდა შეთავაზება, რომ ქირით გასულიყვნენ“, – განაცხადა გამგებელმა.
რაც შეეხება შემთხვევას, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, აფთიაქში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მუშებმა საყრდენი კედელი დააზიანეს და ფიქრობენ, რომ ამან გამოიწვია ნგრევა.
„რემონტი დაიწყო აფთიაქმა. ასე თქვეს, საყრდენი კედელი აქვს გამოღებულიო და ამან გამოიწვია ზედა სართულების ჩამონგრევა. აქ მცხოვრებმა შეამჩნია, კედელია გაბზარულიო. გამოვიდა მოსახლეობა, ყველა, აბსოლუტურად. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გაიხსნა ყველაფერი და ჩამოინგრა“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მათივე ინფორმაციით, შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. მათ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა დამატებითი კვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
თაგები:
ირაკლი ანდღულაძე