“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო კარვები გუმათის დასახლებაშიც გაიშლება

ავტორი
Front News საქართველო
რიონის ხეობაში პროტესტის ახალი კერა გაჩნდა. იმის გამო, რომ ხეობის მცველებს ნამახვანამდე აღარ უშვებენ, ჰესის მოწინააღმდეგეების გადაწყვეტილებით, საპროტესტო კარვები გუმათის დასახლებაშიც გაიშლება.
რიონის ხეობის მცველებმა განაცხადეს ისიც, რომ უკვე დაიწყება მრავალათასიანი აქციისთვის მზადება, რომელიც სავარაუდოდ, თბილისში ჩატარდება. ისინი ფიქრობენ, რომ უფრო ლოგიკური იქნება, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთვება დიალოგში, რადგან მათი მოთხოვნები, არ აშენდეს გიგანტური ჰესი და დატოვოს ტერიტორია კომპანია "ენკამ", უცვლელია.
"პოლიცია ამბობს, რომ აუცილებლად გამოიყენებს წყლის ჭავლს, იმ საპოლიციო ძალებს, რომელიც ხეობაში მობილიზებულია. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ იმას, რომ პოლიციასთან გადავიდეთ ძალადობრივ დაპირისპირებაში და ასე ვცადოთ ამ კორდონების გარღვევა. ვემიჯნებით მსგავსს ქმედებებს და არც არავის მოვუწოდებთ ამისკენ, ამიტომ ვაპირებთ გავშალოთ კარავი აქაც, გაჩნდება მეორე საპროტესტო კერა ხეობაში. მიმაჩნია, რომ აქ უნდა იყოს ჩართული ის პირი, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები, ვიდრე ქალბატონი მინისტრი", – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
ადგილზე იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იმყოფებოდა. სულხან თამაზაშვილმა აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ გზა მას შემდეგ გაიხსნება, რაც ხეობაში ესკალაციის საფრთხე მოიხსნება.
თაგები:





