ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები, რომლებსაც, ბრალად ედებათ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „გამომშრალი მარიხუანა“, „მეფედრონი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „თებაინი", „მეთადონი“ და „ბუპრენორფინი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
ნარკოდანაშაული




