Logo

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

სამართალი
514
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს.

"სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ნარკოდამნაშავეთა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდნენ.

პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, მცენარე „კანაფი“ და გამომშრალი „მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოების და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები