ნატალია საბანაძე – ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულად წავაგოთ ამ სიფრთხილით და პოზიციის დაუფიქსირებლობით

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულად წავაგოთ ამ სიფრთხილით და პოზიციის დაუფიქსირებლობით, თუ ასე მოხდა, 2008 წლის ომი რეალურად, წაგებული მაშინ იქნება, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხული არაა, უკრაინა დასავლეთის, საქართველო კი რუსეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს.
“კითხვის ნიშნები საქართველოს ორიენტაციიის მიმართ არ მაქვს, იმიტომ რომ მე ვთვლი, ეს არ არის არც მთავრობის და არც ერთი პარტიის საქმე, ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური ვალდებულება და არ მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ კურსის ცვლილებას დაუშვებენ.
რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ამ ერთი წლის განმავლობაში იმ აქტიურ პროდასავლური პოლიტიკას, რომელსაც ვატარებდით, ვეღარ ვხედავ და უფრო ვხედავ დაბალანსების პოლიტიკის წარმოების მცდელობას.
დღეს ამ კონტექსტში და ამ კრიზისში ბალანსის პოლიტიკის დაცვა შეუძლებელია, უნდა ვიცოდეთ, სად ვდგავართ. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც შეიძლება, ორმხრივი თამაშით, სიფრთხილით შედეგი მიიღო.
თუ ჩვენი საგარეო ინტერესები იგივე რჩება, ჩვენ შეიძლება ძალიან სერიოზულად წავაგოთ ამ სიფრთხილით და პოზიციის დაუფიქსირებლობით. ერთი ის, რომ შეიძლება გაიყოს და რომელ მხარეს აღმოვჩნდებით, კაცმა არ იცის.
ამასთან, თუ უკრაინა უარს იტყვის ნატოზე, სად ვართ ჩვენ, რა პოზიცია გვექნება და როგორი მხარდაჭერა გვექნება საერთაშორისო პარტნიორებისგან? მეორე – უკრაინა ნატოზე ისე უარს არ იტყვის, რომ არ მიიღოს გარანტიები. დასავლეთი ვალშია უკრაინის მიმართ, უკრაინა იბრძვის დასავლეთიოსთვის, ის ძალიან ბევრ რამეს მიიღებს ამის შედეგად. შეიძლება საუბარი წავიდეს ახალ სამხედრო ალიანსზე, ახალ სამხედრო კავშირზე, სად ვართ ჩვენ? ჩვენ არ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, იმიტომ რომ ეს თუ ასე მოხდა რეალურად, 2008 წლის ომი წაგებული მაშინ იქნება.
ჩვენ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ჩვენი უფლება, რომ არჩევანი გაგვეკეთებინა, ის არჩევანი, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ვალდებულება და შეიძლება დავკარგოთ არასწორი პოზიციონირებით“, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.
თაგები:
ნატალია საბანაძე




