Logo

ნათია იოსელიანი – კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ხელის შეშლის ფაქტები

პოლიტიკა
886
Frontnews image description

კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიებში არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს, ამიტომ, კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს – პატივი ვცეთ ამომრჩეველს, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 13:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 50 განცხადება-საჩივარი, რომელიც სხვადასხვა დარღვევებს უკავშირდება.

“სამწუხაროდ, გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ხელის შეშლის ფაქტები. სოციალურ ქსელებსა და მედიებში არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება აზიანებს საარჩევნო პროცესს, ამიტომ, კვლავ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს – პატივი ვცეთ ამომრჩეველს და ხელი შევუწყოთ მათი ნების მშვიდ გარემოში გამოვლენას.

გავრცელდა სხვადასხვა  ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ამიტომ, მინდა, მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც დაფიქსირდა ამ დრომდე. სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება.

ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს მიღებისთანავე აქვს შესაძლებლობა, გადაამოწმოს. შესაბამისად, ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური და ემსახურება კენჭისყრის პროცესის დაზიანებას.

ვრცელდება ინფორმაცია მარკირების სითხესთან  დაკავშირებითაც, ირწმუნებიან, რომ მის ნაცვლად ამომრჩეველს წყალს ასხამენ.

13:00 საათის მონაცემებით საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია 50 განცხადება-საჩივარი, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს – ფარულობის დარღვევა, მარკირების წესის დარღვევა, უბნის გარეთ მომხდარი ფაქტები, აგიტაცია უბნიდან გაძევება და დამკვირვებლების წარმომადგენლის უფლებების დარღვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის მიხედვით შეისწავლის მათ და ექნება შესაბამისი რეაგირება.

მინდა, გაცნობოთ სამწუხარო ინფორმაცია. ფოთის 15-ე საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს”, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები