ნათია კაპანაძე – მე არ ვასრულებდი იმ პროგრამულ პრიორიტეტს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი


ავტორი
Front News საქართველო
მე არ ვასრულებდი იმ პროგრამულ პრიორიტეტს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, რის გამოც ველოდი კიდეც დასჯას, – ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომლის სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ნათია კაპანაძის თქმით, ნიკა გვარამიას საქმესთან ერთად მისი საქმეც არის მაგალითი, თუ როგორ დევნის “ქართული ოცნება“ მედიამენეჯერებს, მიუხედავად იმისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის თუ კერძო მედიის ხელმძღვანელია.
“პირველ რიგში, თავისუფლება ნიკას, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა შეიცვალოს დამოკიდებულება მედიამენეჯერების მიმართ.
ჩემი საქმე არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ჩარევების, რომელსაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში უკვე რამდენი წელია, უყურებს ჩვენი საზოგადოება. ცხადია, მე ველოდი ამ შედეგს და დიდხანს ვაიძულებდი თავს, რომ მქონოდა ძალა დავსწრებოდი პროცესს ქუთაისში.
მე ვცდილობ, ის აბსურდი, რომელსაც ქმნის “ქართული ოცნება“, ძალიან ხელშესახები იყოს, ჩანდეს, რომ დღეს ხელისუფლება ებრძვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, რომელმაც მოახერხა და მედიასაშუალება გახდა ერთადერთი ტელეარხი, რომელმაც მიუკერძოებლად გააშუქა ყველა საარჩევნო პროცესი. ხელისუფლებისთვის სწორედ ეს იყო მიუღებელი. ის ძირითადი არგუმენტი, რომ მე არ ვასრულებდი პროგრამულ პრიორიტეტს, შესაძლოა, რომ ასეცაა, რადგან მე არ ვასრულებდი იმ პროგრამულ პრიორიტეტს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ კანონს, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს მიუკერძოებელი და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული. ცხადია, აჭარის მაუწყებლის ეთერში წამყვანი იყო საზოგადოების საჭიროებები, რის გამოც მე ველოდი კიდეც დასჯას“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების სამიზნეა სრულიად თავისუფალი მედია.
“მთავარი სამიზნე არის კრიტიკული აზრი, რომ შეჩერდეს ადამიანებისთვის განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის შანსი. ამიტომ დღეს ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელმა ერთად უნდა მივმართოთ სალომე ზურაბიშვილს, ის ვერ შეძლებს თავი გაიმართლოს, რომ ეს იყო “ქართული ოცნების” პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.
მისივე თქმით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
თაგები:
აჭარა