ნათია მეზვრიშვილი – კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასაც, ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია პროკურატურას მხარდამჭერებსა და წევრებზე მიმდინარე სისტემურ ზეწოლაზე მეშვიდედ მიმართავს.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პროკურატურამ მხოლოდ 2-3 შემთხვევაზე თვალის ახვევის მიზნით დაიწყო გამოძიება, რომელიც დაშინებული დაზარალებულების გამოკითხვით შემოიფარგლება, რომლებიც შიშის გამო დუმან, სხვა საგამოძიებო მოქმედებები კი ამ 2-3 შემთხვევაზეც არ ჩატარებულა.
ამიტომ პარტია „საქართველოსთვის“ ამჟამად ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნას პროკურატურაში წერილობით შეიტანს და 100-მეტ დოკუმენტირებულ ფაქტს დაურთავს.
ნათია მეზვრიშვილმა მედიის შეკითხვას უკანონო მოსმენების ფაილების გამოჟონვაზე ირაკლი კობახიძის მხრიდან გიორგი გახარიასა და პარტია „საქართველოსთვის“ წევრზე ირიბი ბრალდების შესახებაც უპასუხა.
“როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად აღარ არსებობს, ანუ ოცნებამ პრაქტიკულად მოსპო სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში – აი ამას ვგულისხმობთ. ირაკლი კობახიძე არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, ირაკლი კობახიძე არ გახლავთ პროკურატურა, არ გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. კიდევ ბევრ რამეს ამბობდა ბატონი კობახიძე, კიდევ ბევრ რამეზე ჭორაობდა. ყველა მის ჭორაობაზე, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენ მოვთხოვეთ მათ გამოძიების დაწყება. შევახსენებ პროკურატურას, რომ დაახლოებით ორი თვის წინ კობახიძის ერთ-ერთ პირველ ჭორზე გამოძიების დაწყება მოვითხოვეთ, რომელიც პოლიტიკურ განზომილებად შეაფასეს და რეაგირება ამაზე ვერ მოახდინეს, არადა სისხლის სამართლის ნიშნები იყო სახელმწიფოს ღალატზე და გახარიას მხრიდან სახელმწიფოს გადატრიალების თითქოსდა მცდელობაზე. ამიტომ, აი ამ ვარაუდების გამოთქმის ნაცვლად, არავის აქ არაფრის არ ეშინია და კობახიძესაც ვაფრთხილებთ და „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობასაც – თუ რამის თავი აქვთ, ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება, რადგან სამწუხაროდ ისეთი გავლენის ქვეშ ჰყავთ მოქცეული ძალოვანი უწყებები, რომ ნდობა პრაქტიკულად ნულის ტოლია – ჩართონ საერთაშორისო ექსპერტები, ჩართონ სახალხო დამცველი და საზოგადოებას გამოუტანონ და დაუდონ სიმართლე. არავის არც დაკითხვაზე მისვლის ეშინია, არც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ეშინია – ნება იბოძონ, იმოქმედონ და გარემო დაასტაბილურონ. რადგან ეს ყველაფერი ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდად დამთავრდება, პირველ რიგში ქვეყნის იმიჯისთვის და რეპუტაციისთვის“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
თაგები:
ნათია მეზვრიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს