ნატო ჩხეიძე - ის, რაც დღეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და 31 ოქტომბერს ის მართლაც შეიცვლება

ავტორი
Front News საქართველო
ნატო ჩხეიძე ხაშურში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პოლიციელის დასჯას მოითხოვს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საბურავების დაჭრაში ადანაშაულებენ.
“უკვე საგანგაშო მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, რომლის მიხედვითაც დასტურდება რომ ხელისუფლებას არ ესმის არც საკუთარი ხალხის და არც საერთაშორისო პარტნიორების.
"ქართული ოცნება" ღიად არის გადასული ძალადობაზე და ამ ძალადობას ახორციელებს არა მხოლოდ მასთან დაკავშირებული კრიმინალების, არამედ ჩინოვნიკების ხელითაც. ის რაც დღეს ხაშურში მოხდა, როდესაც ჩვენს აქტივისტს, პოლიციელმა გოგუაძემ მანქანის საბურავები დაუჭრა, არის გაგრძელება 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობრივი მოვლენებისა, როდესაც საჯარო მოხელეებმა სცემეს ჟურნალისტი, ოპოზიციის წევრები და ამის გამო არავინ არ დასჯილა. მე კატეგორიულად მოვითხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან, რომ დაიკითხოს დაზარალებული გოგიბერიძე და დამნაშავე პოლიციელი იქნეს დაკავებული. ეს უკვე აღარ არის კერძო დანაშაული, ეს სამთავრობო სისტემური დანაშაულია. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო დამკვირვებლებს და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, დროულად მოახდინეთ რეაგირება წინასაარჩევნო დანაშაულებზე, რომ ივანიშვილის მთავრობამ ვერ მოახერხოს საპარლამენტო არჩევნების გაყალბება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველას გატყუებთ, ის არღვევს ეთიკის კოდექსს, რომელსაც მან ხელი მოაწერა და დადო პირობა, რომ არჩევნებს ჩაატარებდა თავისუფალ გარემოში. ეს არ მოხდება. ჩვენ ვუყურებთ სერიულ დანაშაულებს, ძალადობას, ამომრჩევლის მოსყიდვას, კორუფციას და ვხედავთ რომ დადებული პირობის მიუხედავად არაფერი შეცვლილა, ივანიშვილის რეჟიმი იმავენაირად იქცევა, - როგორც იქცეოდა 8 წლის განმავლობაში. ეს არის გამოწვევა როგორც საკუთარი ხალხის, ასევე საერთაშორისო პარტნიორი საზოგადოებისა.
აშკარაა, რომ ქართული ოცნება აგონიაშია ხელისუფლების დაკარგვის შიშით და უკანონო სისტემური ქმედებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რაც საქართველოს მოსახლეობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ აღარ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება მართლაც შეიცვლება და ახალი, კოალიციური მთავრობა შექმნის სასიკეთო ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა დღეს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ნატო ჩხეიძემ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ხაშურში.
თაგები:
ნატო ჩხეიძე




