"ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) რიგით მეოთხე სამეთაურო-საშტაბო „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა. სწავლების ხელმძღვანელმა, JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო დაფები გადასცა.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025”-ის ფარგლებში, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეულს „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასების და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP)” სერტიფიკატი მიენიჭა და დადეფითი შეფასება მიიღო. ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით ბრიგადაში გაფორმდა.
"ნატო-საქართველოს სწავლების“ სამეთაურო-საშტაბო ნაწილში ინტეგრირებული იყო საველე კომპონენტიც, რაც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენდა JTEC-ის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის მიმართულებით და ხელს უწყობდა კოორდინაციის დახვეწას. სწავლების აღსრულების პროცესში ჩართული იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული 6 ინიციატივა: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), სამხედრო საინჟინრო, სამხედრო პოლიცია, სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, სპეციალური ოპერაციების ძალები და სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია. SNGP-ის ინიციატივების ფარგლებში ნატოელი ექსპერტების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფზე ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით დაკვირვება განხორციელდა. ნატოელი ექსპერტები სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის შტაბისა და ოცეულის უსაფრთხოების ამოცანების შესრულებას, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ოცეულის ტაქტიკურ წვრთნასა და სპეციალური ოპერაციების ბატალიონის შტაბისა და მეკავშირე ელემენტის ოპერატიულ შესაძლებლობებს დააკვირდნენ.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ ნატოს ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბისა (SHAPE) და საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ დაიგეგმა და ნატოს მიერ შედგენილი სცენარით, შესაბამისი პროცედურებისა და დოქტრინების დაცვით ჩატარდა. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობდა. სწავლებაში ჩაერთო ასევე, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი.
