Logo

“ნაციონალური მოძრაობის” სამი დეპუტატი შიმშილობას იწყებს

პოლიტიკა
1508
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობას იწყებს. 

 

პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან შიმშილობას დღეიდან სამი დეპუტატი – დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და აბდულ ისმაილოვი დაიწყებენ. 

 

“დღეს, მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი, ვაცხადებთ შიმშილობას. ამ პოლიტიკურ აქტთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა ფრაქციის შიგნით, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და იქნება პარლამენტის კედლებს გარეთაც”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

ანა წითლიძის განცხადებით, არ შეუძლია, უყუროს პრეზიდენტს სააკაშვილის, თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გააკეთოს მაქსიმუმი მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

 

“პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას მოვუხადო ბოდიში, ჩემი მიზანი არ არის ცუდი ემოციებისგან თქვენი დატვირთვა, მინდა, ბოდიში მოვუხადო პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მასთან შეთანხმებული, ამგრამ მე არ შემიძლია, ვუყურო პრეზიდენტს სააკაშვილის, ჩვენი თანამებრძოლის, ლიდერის და მეგობრის სიკვდილს ციხეში და არ გავაკეთო მაქსიმუმი, რათა გადავარჩინო პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე, ამიტომ მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ვიწყებ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტს სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა”,- განაცხადა ანა წითლიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები