ნაუსედა – პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიასა და არასამთავრობოებზე, არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიას

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიისადმი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი შედეგები აქვს როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
“გულწრფელად გვსურს საქართველოს წარმატება, რომ მან მიაღწიოს მიზანს და გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის წევრობის სწრაფვა არ არის მოკლე და მარტივი გზა. ეს არის ქვეყნის ტრანსფორმაციის გზა. ეს არის გასაგები და ხელშესახები რეფორმები, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნის მოქალაქეებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვწამს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და გვჯერა, ეს გახდება მთავრობისთვის მაკონსოლოდირებელი, რომ განახორციელოს რეფორმები.
შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებსა და დეზინფორმაციაზე. აუცილებლობაზე, რომ გაიზარდოს საზოგადოების მედეგობა, გაძლიერდეს ქვეყნის ინსტიტუციების შესაძლებლობები და გაძლიერდეს პროევროპული და პროატლანტიკური მისწრაფებები. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და ზეწოლა მედიისადმი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი არ არის გზა, რომელიც აძლიერებს დემოკრატიასა და მოქალაქეების მედეგობას.
ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი შედეგები აქვს როგორც ევროპის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ისევ აგრძელებს დამღუპველ ომს, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს როგორც რეგიონში, ასევე, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ლიეტუვა არის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ასევე მნიშვნელოვანია აგრესორისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესება, ეკონომიკური ზეწოლა ამცირებს აგრესორის შესაძლებლობას, გააგრძელოს იმპერიალისტური მიზნების მიღწევა”, – განაცხადა ნაუსედამ.
თაგები:
გიტანას ნაუსედა




