ნავალნი – ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა და წამება საზარელია და ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს, ამცირებს მის შანსებს ნორმალური მომავლისთვის

ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგან ეს ნაბიჯი ქრისტიანული გულმოწყალებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი სოციალურ ქსელში წერს.
“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მიხეილ სააკაშვილზე. მე მას პირადად არ ვიცნობ და არასდროს შევხვედრივარ. მისი გუნდიდან არავის ვიცნობ და არც ვინმეს უთხოვია ამ პოსტის დაწერა.
ჩემდა სამარცხვინოდ, საკმაოდ ცუდად მესმის ქართული პოლიტიკა და შეიძლება რაღაც არასწორად ვთქვა. ჩემთვის კიდევ უფრო სამარცხვინოა ის, რომ 2008 წელს ქართველების შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტი დავწერე იმის გავლენით, რომ ჩემს მეგობარს ცხინვალში ბომბავდნენ. ამის გამო ბოდიში მოვიხადე და ახლაც კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს აზრს ამის გამო საქართველოში დიდი წონა არ აქვს.
მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე მაინც დამეწერა, როგორც ადამიანს და ქრისტიანს, რადგან ძნელი საყურებელია ის, რაც ხდება.
სააკაშვილი იტანჯება, მისი ოჯახი იტანჯება და ამას მთელი ქვეყანა განიცდის. ეს, ასევე, არაფერი კარგის მომტანი არ არის მათთვისაც კი, ვისაც სააკაშვილის სიკვდილამდე ციხეში ყოფნა სურს.
მე მჯერა საქართველოს ბედნიერი ევროპული მომავლის. ეს არის დიდებული ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაფერი კეთილდღეობისთვის. მჯერა, რომ ეს პოლიტიკური დაპირისპირება მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მოგვარდება.
მაგრამ, ყოფილი პრეზიდენტის ეს პატიმრობა და წამება საზარელი და უგულოა. ეს ავნებს საქართველოს ევროპულ არჩევანს, ავნებს მის განვითარებას, ამცირებს მის შანსებს ნორმალური მომავლისთვის, მორალს აქვეითებს და ქვეყანას ბრაზით ავსებს.გასაგებია, რომ ეს დაპირისპირება სასტიკი და ღრმად ემოციურია. ეჭვი არ მეპარება, რომ სააკაშვილის ოპონენტებს ბევრი მიზეზი აქვთ შურისძიებისთვის.
არ არის საჭირო შურისძიება, როგორც არ უნდა გინდოდეთ. ამ შურისძიებით მთელი საქართველო დაზარალდება. ეს არის ჩიხი და სასტიკი გადაწყვეტა, სტრატეგიულად ყველასთვის არახელსაყრელი.
ხელისუფლება უფრო მოწყალე უნდა იყოს, ვიდრე მათი ოპონენტები. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ამიტომ არიან ისინი ხელისუფლებაში.
სააკაშვილი ძალიან ავად არის და ყველა საუბარი ამის მოჩვენებითობაზე სისულელეა. მერწმუნეთ, ციხე შთანთქავს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას უსწრაფესი ტემპით.
სწორი იქნება სასჯელის გადავადება, მისი სამკურნალოდ გაშვება ან მსგავსი რამის გაკეთება, რაც მხარეებს კანონის დაცვისა და სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.
ახლა მართლმადიდებლურ ქვეყნებში წმინდა კვირაა, შემდეგი კვირა კი აღდგომის კვირაა. ახლა კარგი დროა ქვეყნის სასიკეთოდ რთული, მაგრამ მოწყალე მოქმედებისთვის და ეროვნული შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯისთვის.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის ყველა ოპონენტს, გადადგან ეს ნაბიჯი ქრისტიანული გულმოწყალებისა და მშვიდობის დამყარების სულისკვეთებით”, – წერს ნავალნი.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს შერემეტიევოს აერპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის გერმანიიდან თავის ცოლთან ერთად ბრუნდებოდა. მან გერმანიაში რამდენიმე თვე გაატარა, სადაც ის საბჭოთა ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. ნავალნი, რომელიც გერმანელმა ექიმებმა სიკვდილს გადარჩინეს, რუსეთში ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ დაბრუნდა.
გასული წლის მარტში რუსულმა სასამართლოს ნავალნის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის დროს რუსი ოპოზიციონერი უკვე იხდიდა სასჯელს ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ აღიარა. მას ამ საქმეზე 3.5-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობა გაუარესდა და მან ბოლო 15 დღის განმავლობაში 8 კილოგრამი დაიკლო. ინფორმაცია ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ვედუტამ გაავრცელა.
ვედუტას თქმით, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ის ციხის რეგულარული საკნიდან, დროებით სადამსჯელო საკანში გადაიყვანეს. ვედუტას მიხედვით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ნავალნის მოწამვლას და სწორედ ამიტომ ხდება მისი სადამსჯელო საპატიმროში ხშირად გადაყვანა.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას, ტაბლეტების მეშვეობით ასმევენ მცირე დოზებით საწამლავს”, – წერს ვედუტა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnavalny%2Fposts%2Fpfbid026BnghcLJXT5E3KRHdcprKXWVqLn8Pt2P1HQNyQe6PquihNMRBcZN6nL8bXpCRWXxl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”466″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>





