Logo

ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაიწყო – მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მსოფლიო
928
Frontnews image description

რუსეთში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ახალი სასამართლო პროცესი დაიწყო. მას თავისუფლების 30 წლამდე აღკვეთა ემუქრება, – წერს “მედიაზონა”.

 

ამჯერად მას “ბრალად ედება” “ექსტრემისტული საზოგადოების შექმნა”, “ექსტრემიზმისკენ” მოწოდება, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, ექსტრემიზმის დაფინანსებაში, არასრულწლოვანთა ჩართვას საშიშ ქმედებებში და ასევე ნაციზმის რეაბილიტაციაში.  

 

პირველი სასამართლო სხდომა ერთ-ერთ კოლონიაში გაიმართა, სადაც ნავალნი წინა საქმეებზე უკვე იხდის “სასჯელს“.

 

ნავალნიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ომისა და პუტინის წინააღმდეგ დიდი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.

 

“ჩვენ ჩავატარებთ საარჩევნო კამპანიას ომის წინააღმდეგ და პუტინის წინააღმდეგ, ხანგრძლივი, ჯიუტი, დამქანცველი, მაგრამ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კამპანია, სადაც ჩვენ განვაწყობთ ხალხს ომის წინააღმდეგ”, – ნათქვამია ნავალნის ტელეგრამის არხზე.

 

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ალექსეი ნავალნი რუსეთის ოპოზიციის არაფორმალური ლიდერი გახდა. ანტიკორუფციული ფონდი, რომელიც მან შექმნა, დე ფაქტო ასრულებდა კრემლის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური პარტიის ფუნქციებს არსებული სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით.

 

2020 წელს ნავალნი მოწამლეს სავარაუდოდ, “ნოვიჩოკით”. ნავალნი სიკვდილს გადაურჩა და გერმანიაში მკურნალობის წყალობით გამოჯანმრთელდა.

 

2021 წლის ზამთარში კი ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა და ფორმალური საბაბით მაშინვე ორი წლით ციხეში ჩასვეს. 2022 წლის გაზაფხულზე, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნავალნის მიესაჯა კიდევ თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა, თითქოსდა მასშტაბური თაღლითობისთვის. მას ანტიკორუფციული ფონდიდან თანხის გაფლანგვაში ედებოდა ბრალი.

Advertisement