Logo

ნიკა ჩიტაძე - პირველად ხდება, რომ ეუთო/ოდირის მისია ვერ დაესწრება საქართველოში არჩევნებს, ნათლად ჩანს კიდევ ერთხელ არაკონსტრუქციული მიდგომა

პოლიტიკა
221
Frontnews image description

ეუთო არ ერევა საქართველოს საკანონმდებლო სფეროში, ის მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში. პირველად ხდება, რომ ეუთო/ოდირის მისია ვერ დაესწრება საქართველოში არჩევნებს, - ამის შესახებ Front News-თან ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ ჩანს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უგულებელყოფს ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტის ეუთოს ინტერესებს.

"ეუთო არ ერევა საქართველოს საკანონმდებლო სფეროში, ის მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში, რომ შეაფასოს ეუთოს წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული ვითარება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. საქართველო გახლავთ ეუთოს წევრი 1992 წლიდან.

ფაქტობრივად, პირველად ხდება, რომ ეუთო/ოდირის მისია ვერ დაესწრება საქართველოში არჩევნებს, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ტარდება 1990 წლიდან და მას შემდეგ ეუთოს წარმომადგენლები მუდმივად ესწრებოდნენ საქართველოში გამართულ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს კიდევ ერთხელ არაკონსტრუქციული მიდგომა. მყარად აქვთ გადაწყვეტილი, რომ გააყალბონ 2025 წლის მუნიციპალური არჩევნები, რომელიც უნდა გაიმართოს. 

აქ კიდევ ერთხელ ჩანს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უგულებელყოფს ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტის ეუთოს ინტერესებს. ამ ფონზე, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იხევს საქართველო უკან დემოკრატიული  თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასთან და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით. 

ამასთან, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან“.

Advertisement