Logo

ნიკა ჩიტაძე - ვიზალიბერალიზაციის ბედი ივანიშვილის პოლიტიკურ ვაჭრობაზეა დამოკიდებული 

ინტერვიუ
272
Frontnews image description

საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურ კონტურებს იძენს. ევროკავშირიდან მიღებული ოფიციალური წერილი, რომელიც კონკრეტულ დათქმებს მოიცავს, მმართველ გუნდს რთული არჩევანის წინაშე აყენებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ – დათმობაზე წავა და საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს, თუ პროპაგანდისტული ნარატივით შეეცდება მოსახლეობის დარწმუნებას ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაში?

ამ საკითხებზე Front News ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ როლზე, შიდაპოლიტიკურ პროცესებზე და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესების პერსპექტივაზე.

- ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი უფრო რეალური ხდება. როგორც ვიცით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მიიღო წერილი, სადაც გარკვეული დათქმებია მოცემული. ამ დათქმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლა შესაძლოა, ქვეყანას შეუჩერდეს. როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილება შესაძლოა, მიიღოს მმართველმა გუნდმა?

- ძალიან ბევრი რამ იქნება ბიძინა ივანიშვილზე დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის და რას ჩათვლის საჭიროდ. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ისევ პროპაგანდისტული ნარატივი ამოქმედდება და კვლავ დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობას სთხოვენ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ. ისევ გაააქტიურებენ მშვიდობის საკითხს და ა.შ. საუბარი იქნება ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დაცვაზე. ჩვენ გვახსოვს, რომ სანქციების დაწესების პარალელურად ივანიშვილი უკან დახევის ნაცვლად, პირიქით, ქვეყანაში რეპრესიებს აგრძელებდა. ვნახეთ, როგორი მკაცრი კანონებიც მიიღო და რა გამოხმაურებაც აქვს ამას დასავლეთიდან. ამიტომ ერთი ვერსია შესაძლოა, ეს განვიხილოთ, რომ თავდაპირველად უკან დახევა არ მოხდება. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ის შეეცდება ბრიუსელში კულუარულად ივაჭროს. შესაძლოა, უთხრას, რომ "აი, მოდი, მე გამოვუშვებ პოლიტპატიმრებს, ოღონდ პარლამენტის ლეგიტიმურობა აღიარეთ“. აქ პოლიტიკურ ვაჭრობას ექნება ადგილი. არაოფიციალურ დონეზე, თუნდაც ელჩებთან შესაძლოა, დაიწყონ მოლაპარაკება, რომ "აი, ჩვენ ამაზე წავალთ დათმობაზე და თქვენც რაღაც დათმეთ“.

- ეს უკან დახევა იქნება თუ არა იმაზე დამოკიდებული, რა რეაქცია შესაძლოა, ამ სიტუაციამ ქვეყანაში გამოიწვიოს. არის თუ არა ახლა ოპოზიციაზე დამოკიდებული, როგორ შეძლებენ ისინი ამ პროცესის პოლიტიკური კუთხით გამოყენებას და საპროტესტო მუხტის გაძლიერებას? ვიცით, რომ 19 ივლისს აქციებია დაგეგმილი. ელით თუ არა, რომ საპროტესტო მუხტი ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის გამო გაიზარდოს?

- ხალხი გამოვა და ვფიქრობ, ამ სიტუაციასაც დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ასევე პოლიტიკურ სპექტრზეც არის დამოკიდებული და ოპოზიციის ქმედებებზე, თუ როგორ მიიტანს ამას საზოგადოებამდე. თუმცა, ასევე ისიც არის შესაძლებელი, რომ ვიღაცამ გაუბედოს და უთხრას ივანიშვილს, რომ პოლიტიკურად ეს მისთვის მომგებიანი არ იქნება. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით მღელვარებას და ხალხის რეაქციას ივანიშვილისთვის ექნება მნიშვნელობა. თუმცა, როგორც აღვნიშნე უკვე, ის ყველანაირად შეეცდება ამ პროპაგანდის გამოყენებით, ხალხს უთხრას, რომ ვიზალიბერალიზაციის საფასური შესაძლოა, ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვად დაუდონ. ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, მუშაობს. ხალხზეც არის დამოკიდებული, რამდენად დაიჯერებს ამ პროპაგანდას. თუმცა, აქ „ოცნების“ მომხრეებს უფრო შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პრობლემა.

ჩვენ ვიცით, რომ დღეს ე.წ. შოპინგზე დადიან ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც მმართველ გუნდთან არიან დაახლოებულები. ასევე სამთავრობო პოლიტიკური ელიტა და მათი სანათესავო. ვიცით, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც ხშირად სარგებლობენ ევროპაში ვიზიტებით. ანუ ქვეყანაში შედარებით შეძლებული ფენა, ვისაც ფული აქვს და შესწევს მოგზაურობა, სწორედ „ოცნებასთან“ დაახლოებული ხალხია. ასევე ის ადამიანები, რომელთა ოჯახებიც ემიგრაციაში არიან. ჰყავს „ოცნებას“ ასეთი მხარდამჭერებიც, რომელთა შემოსავალიც სწორედ ემიგრაციიდან გამოგზავნილი ფულია. ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპიდან გადმორიცხული თანხები საქართველოში გადმორიცხული თანხების 44%-ს შეადგენს. ეს არის საბერძნეთი, გერმანია, იტალია. ახლა იქნება პოლიტიკური ვაჭრობა. ასევე მოდის აგვისტო და ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი შვებულებაში გადის. ამიტომ „ოცნება“ დილემის წინაშე დგას: თუ წავა დათმობაზე, შესაძლოა, მისი ძალაუფლება კიდევ უფრო შეირყეს; თუ დათმობაზე არ წავა, მაშინ მის მიმართ უკმაყოფილება გაიზრდება.

- ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნების“ შიგნითაც გარკვეული რყევებია. ძალიან სერიოზული საკადრო ცვლილებები მიდის. ასევე ვნახეთ პრემიერ კობახიძის განცხადებები ყოფილი გუნდის წევრების მიმართ, რომლებსაც პირდაპირ კორუფციაში სდებს ბრალს. რა პროცესს ვადევნებთ თვალს? ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თუ სახელისუფლებო ჯგუფებს შორის დაპირისპირება?

- აქ არის ერთადერთი მცდელობა იმის, რომ როგორმე ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცოს. ცდილობს ბიძინა ივანიშვილი დაარწმუნოს იმაში, რომ ეს ხალხი ფულს „ჰპარავდა“ და მე ამის გამო მათ ვსჯი. აქ საუბარია ირაკლი ღარიბაშვილზე და მის გარემოცვაზე. ეს ხალხი ზუსტად მისი პრემიერობის დროს დაინიშნა. იგივე, თუნდაც ბიზნესმენები, რომლებიც დაახლოებულები იყვნენ იმ ჯგუფთან, ტენდერებს იგებდნენ და ფულს შოულობდნენ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ბოლოს კობახიძეც გადააყენოს ივანიშვილმა. ამიტომ კობახიძე ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ერთგულება დაუმტკიცოს, ვითომ კორუფციას ებრძვის და აჩვენებს, რომ მას არ აქვს დიდი სიმდიდრე, როგორც მაგალითად, ღარიბაშვილს აქვს. თან კობახიძე ყველაფრის მკადრებელია. ვხედავთ, რა კანონებს იღებს პარლამენტი, რამხელა ჯარიმები დაუწესა აქციის მონაწილეებს. ამითაც აჩვენებს, რომ ვინც შენ შეგეხება და შენს წინააღმდეგ წამოვა, მას დავსჯით. პროცესი მიმდინარეობს, რომ კობახიძე ძალაუფლებას იმყარებს. ივანიშვილი ბუნებით ეჭვიანი ადამიანია. არავის ენდობა, ამიტომაც კობახიძე ამით სარგებლობს და ყველას წინააღმდეგ განაწყობს. მას არწმუნებს, რომ ყველა და ყველაფერი ფულს "ჰპარავს“. "დიფ სთეიტის“ ამბავზეც მხარს უჭერს და მის ამ აჩემებასაც ემხრობა. ამიტომ მას აქვს ახლა ყველანაირი მხარდაჭერა ივანიშვილისგან იმოქმედოს და ისიც მოქმედებს.

- ასევე ამერიკის თემას მინდა შევეხოთ. იყო მოლოდინი, რომ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი შეძლებდა ურთიერთობის დალაგებას. თუმცა ვნახეთ აშშ-ის უკვე ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ ტრამპისთვის კობახიძის მიერ მიწერილი წერილი იყო შეურაცხმყოფელი და არაკორექტული. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა აშშ-სთან პოლიტიკის გადატვირთვის შესაძლებლობა?

- ფაქტია, რომ ამერიკასთანაც ვერ ხდება სიტუაციის დალაგება. მით უმეტეს, როცა ამერიკას რუსეთთან ურთიერთობა გაურთულდა. სანამ ტრამპი ჯერ კიდევ ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, იყო შანსი, რომ ტრამპი გარკვეულწილად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თვალს დახუჭავდა. დღეს ვხედავთ, რომ ამერიკა აქტიურ ინტერესს ავლენს სამხრეთ კავკასიის მიმართ. ტრამპის სურვილია, რომ ზანგეზურის დერეფანზე გარკვეული კონტროლი დააწესოს. სომხეთისა და აზერბაიჯანის დაახლოებას ხელი შეუწყოს. შესაბამისად, კავკასიის რეგიონის მიმართ და საქართველოსთან დაკავშირებითაც ინტერესი გაიზრდება. ამიტომ საქართველოში ანტიამერიკული რიტორიკის მატარებელი ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციისთვის მისაღები არ იქნება. შესაბამისად გაიზრდება მოტივაციაც, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას სანქციები დაუწესონ.

ელზა პაპოშვილი

Advertisement